რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა ოკუპირებული ცხინვალის მედიას ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში რუსეთის ექსპრეზიდენტმა 2008 წლის ომის დაწყება კვლავ დასავლეთსა და მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
მედვედევის შეფასებით, 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლების "დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს" აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა მოჰყვა". როგორც ის ირწმუნება, საქართველოს კონფედერაციის შექმნას სთავაზობდა.
"1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გამოიწვია. 2008 წელს სააკაშვილთან შეხვედრები მქონდა. ის მარწმუნებდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და აფხაზებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებას აპირებდა. მზად ვიყავი, ხელი შემეწყო დაახლოების პროცესისთვის, რათა საქართველოს, რომელიც, ფაქტობრივად, რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, საკუთარი საზღვრების შენარჩუნება შეძლებოდა. კონფედერაციის ან რაიმე სხვა ფორმატის ფარგლებში.
თუმცა სააკაშვილის რეჟიმმა არაპროვოცირებული და არაფრით გამართლებული აგრესია განახორციელა. დაიღუპა ჩვენი ათობით სამშვიდობო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
მოსკოვი იძულებული გახდა, საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა." - თქვა მედვედევმა.
რუსეთის ექსპრეზიდენტის თქმით, "ოპერაციის" შემდეგ აუცილებელი იყო ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, რათა გარანტირებული ყოფილიყო "მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში".
"მე რომ ეს არ გამეკეთებინა, მოვლენები სრულიად სხვა სცენარით განვითარდებოდა. ჩვენი მოწინააღმდეგეები კი გადაწყვეტდნენ, რომ ჩვენზე და ჩვენს ქვეყანაზე, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხების შეწმენდა შეიძლება. თუმცა ასეთი რამ არასდროს მოხდება." - თქვა მედვედევმა.
ქართველ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ, მედვედევმა "სააკაშვილის ბოევიკები" უწოდა.
ამას გარდა, რუსეთის ექსპრეზიდენტის მტკიცებით, 2008 წელს საქართველოში იმყოფებოდა მრავალი ამერიკელი და ევროპელი სამხედრო მრჩეველი, რომელთა მიზანიც "ომის გაჩაღება" იყო.
"ჩვენი თავგამოდებული მოწინააღმდეგეები დასავლეთში საომარ განცხადებებს აკეთებდნენ, მოითხოვდნენ საქართველოდან ჯარების გაყვანას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, კონტაქტების გაყინვასა და ჩვენი ქვეყნის იზოლაციას - ერთი სიტყვით, უხეში და უკვე ყელში ამოსული ზომების ჩვეულებრივ ნაკრებს. იმ პერიოდში საქართველო ფაქტობრივად ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნებითა და სამხედრო მრჩევლებით იყო სავსე. მათი ამოცანა ომის გაჩაღება და რუსეთის დასუსტება იყო. თუმცა ჩვენ მშვიდად ვმოქმედებდით ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევდით და ვითვალისწინებდით რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს." - თქვა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი "ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაასრულა" და "დაამყარა ახალი სამართლიანი გეოპოლიტიკური რეალობა".
"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ დაასრულა აფხაზი და სამხრეთ ოსეთის ხალხების მრავალწლიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. დაამკვიდრა ახალი სამართლიანი გეოპოლიტიკური რეალობა. რესპუბლიკების მიმართ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მათ საერთაშორისო სამართალსუბიექტობა მოიპოვეს." - თქვა მედვედევმა.
მედვედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის მაგალითზე დასავლეთმა უნდა ისწავლოს, რომ "რუსეთს არ უნდა ებრძოლონ".
"შედეგი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე იყო: რუსული სულისკვეთებისა და ჩვენი იარაღის ძალის გამარჯვება, დამპყრობლების სამარცხვინო გაქცევა. ასევე, აზრს მოკლებულია ეროვნული საკითხის გაღვივება. ამას თავად პროვოკატორებისთვის ყოველთვის მტკივნეულ და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა - და სად არის ის ახლა, რა დაემართა?" - თქვა რუსეთის ექსპრეზიდენტმა.
მედვედევის თქმით, "არანაკლებ სევდიანი ბედი ელის" ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელსაც მან "ნეონაცისტი და ტერორისტი უწოდა.
მედვედევმა ოკუპირებული ცხინვალისა და რუსეთის თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
"დღეს რუსეთი სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებების საფუძველზე აქტიურად ეხმარება ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში და საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში." - თქვა მედვედევმა.
ამას გარდა, მედვედევის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების ყოფნა "აქტუალურია".
"რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა ორმხრივ შეთანხმებებს ეფუძნება და აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც თბილისი კატეგორიულად უარს ამბობს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტია გასცეს." - თქვა მედვედევმა.
საუბრის დროს მედვედევმა ყურადღება გაამახვილა მარიონეტულ რეჟიმსა და კრემლს შორის 9 მაისს გაფორმებულ შეთანხმებაზეც.
"როგორც იცით, 2026 წლის 9 მაისს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოკავშირე თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას." - თქვა მედვედევმა.
ინტერვიუში მედვედევმა NATO-ს "მტრული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი" უწოდა და გაიმეორა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლა რუსეთისთვის მიუღებელია - "სავსებით გასაგებია, რომ ეს რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს ქმნის" - თქვა მან.
ინტერვიუს დასასრულში მედვედევმა მადლობა გადაუხადა მარიონეტულ რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის.
"სამხრეთ ოსეთი ჩვენი ახლო მეგობარი და მოკავშირეა. ამიტომ, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მის ხალხს მშვიდობა, სიკეთე და კეთილდღეობა ვუსურვო. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნისთვის ყოველმხრივ დახმარებას, ხელს შევუწყობთ მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას და უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას.
კიდევ ერთი რამ. ჩვენს რთულ დროში, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი კაცობრიობის სამართლიანი მომავლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და გრძელდება ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის, არ შემიძლია, ძმურ სამხრეთ ოსეთს განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო სპეციალური სამხედრო ოპერაციის საკითხში რუსეთის მხარდაჭერისთვის, სამხრეთ ოსეთის ხალხის სიმამაცისთვის, რომელიც ფრონტზე ჩვენს მებრძოლებს ეხმარება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაჭრისას გამოჩენილი სოლიდარობისთვის.
ამ ყველაფერს ვაფასებთ და არასოდეს დავივიწყებთ." - თქვა მედვედევმა.
Tabula.ge