ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ფუდანის უნივერსიტეტის ჰუაშანის საავადმყოფოში, ექიმებმა პირველად ჩაატარეს ნეიროკომპიუტერული იმპლანტის კლინიკური ოპერაცია. ადგილობრივი გამოცემა Yicai-ის ინფორმაციით, იმპლანტის დახმარებით პაციენტმა ხელის მოძრაობის ნაწილობრივ აღდგენა შეძლო.
მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციისგან სისტემამ კლინიკური გამოყენების ნებართვა მიიღო. პირველი პაციენტი ადგილობრივი მცხოვრები იყო, რომელმაც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ტრავმის გამო მას თითების მოხრა და ხელში საგნების დაჭერა აღარ შეეძლო.
სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა პაციენტს ტვინში სპეციალური ჩიპი ჩაუნერგეს, რომელიც ნეირონულ სიგნალებს კითხულობს და მათ რობოტულ ხელთათმანზე გადასცემს. გარე მოწყობილობა დაზიანებული კიდურის დაკარგული ფუნქციების ნაწილობრივ კომპენსირებას უზრუნველყოფს.
მედიკოსების განცხადებით, ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში რჩება, ხოლო ტვინის სიგნალების გადაცემა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ პრიორიტეტად რჩება და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით ინვესტირებასა და კვლევების მხარდაჭერას.