საქართველოს მთავრობამ სამი ჰიდროელექტროსადგურის — „ნიალა ჰესის“, „ბრილი ჰესისა“ და „ზეგანი ჰესი 1“-ის — პროექტებთან დაკავშირებით კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა,-

შესაბამისი განკარგულებები მთავრობამ 18 აგვისტოს მიიღო.

კერძოდ, მთავრობამ მოიწონა საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ შორის „ნიალა ჰესის“, შპს „ჰიდრომატიკა 1“-ს შორის „ბრილი ჰესის“, ხოლო შპს „ზეგანი ჰესთან“ — „ზეგანი ჰესი 1“-ის პროექტებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებები.

ხელშეკრულებები ითვალისწინებს ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.

სამივე შემთხვევაში ხელშეკრულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოაწერს ხელს.

რა ხდება „ზეგანი ჰესის“ პროექტზე

„ზეგანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას 2024 წლის 19 ნოემბერს ელექტროსადგურის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება შპს „მეტრო ექსპრესთან“ ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული ხელშეკრულება მოგვიანებით შეწყდა.

ვინ არიან პროექტების განმახორციელებელი კომპანიები

შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 100%-იან წილს კომპანია „გრინ – ენერჯი ჰოლდინგი“ ფლობს. თავის მხრივ, ჰოლდინგის 95%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი მინდია საბანაძე, ხოლო 3%-იან და 2%-იან წილებს გიორგი შუკაკიძე და დავით ხაჩიძე ფლობენ.

შპს „ჰიდრომატიკა 1“ 2021 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 85%-იან წილს გიორგი აბრამიშვილი, ხოლო 15%-იან წილს ილია რაზმაძე ფლობს.

რაც შეეხება შპს „ზეგანი ჰესს“, კომპანია 2024 წელს არის დაფუძნებული და მისი მმართველი გიორგი შარეიძეა.