2026 წლის თებერვალში საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ თითქმის 4%-ით გაიზარდა და 1 000 906 პირი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ი აქვეყნებს.

გამოქვეყნებული „დასაქმების თრექერი საქართველოს“ მიხედვით, 2026 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.6%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის იანვართან შედარებით 6.2%-ით, ხოლო 2025 წლის თებერვალთან შედარებით 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

„2026 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის იანვართან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის თებერვალთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის იანვართან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის თებერვალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - წერია PMCG-ის კვლევაში.

რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, 2026 წლის თებერვალში jobs.ge-ზე ჯამში 6382 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის იანვართან შედარებით 0.5%-ით შემცირებული, ხოლო 2025 წლის თებერვალთან შედარებით 14.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ვაკანსიების ზრდის მიხედვით ლიდერობენ ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება (მთლიანი ვაკანსიების 21%) და ადმინისტრაცია მენეჯმენტის (ჯამური ვაკანსიების 19%) მიმართულება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ვაკანსიების საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.