საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.

შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, კერძო სექტორის განწყობები და მოლოდინები, რის ფონზეც განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაკეთდა. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საწვავისა და სასუქების ფასების ცვალებადობის ანალიზს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორზე, ისე მთლიანად კერძო სექტორის საოპერაციო ხარჯებზე. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო, მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლისპირველადი შედეგები გააცნო, რომელიც უახცლოეს პერიოდში  გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს ყოველთვის გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკის პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.