მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდათ და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ ისაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ „ეს არის სისულელე“ და მთავრობა ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა შეამციროს, კიდევ უფრო მეტად დააშინოს როგორც ბიზნესი, ისე ხალხი, რათა თავისი სულელური და გიჟური ნაბიჯები კიდევ უფრო შორს და შორს გადადგას.

„ზოგადად, ბოლო დროს აღარაფერი გვაკვირვებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისა თუ ბიზნესის უფლებების კუთხით ხდება. ისედაც მწირია ბიზნესისგან კონკრეტულ თემებზე კრიტიკული აზრების მოსმენა, რადგან იგრძნობა დაშინებები და მსგავსი მიდგომები მთავრობის მხრიდან და შესაბამისად, ბიზნესი ვერ რისკავს, რაღაც ფორმით კრიტიკული პოზიციები გამოხატოს ამა თუ იმ საკითხზე. ვინც რისკავს და აკეთებს ამას, მათი ხმა ინდივიდუალურ პირებთან შედარებით, უფრო მაღლა ისმის და შესაბამისად, მთავრობის მხრიდანაც რეაქციაა, ეს ისედაც მწირი, მაგრამ ხმამაღალი ხმა ჩაახშოს. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღქმაში ოდითგანვე ისეა, რომ სახელმწიფო ბიზნესს თითს უქნევს და თუ ბიზნესი რისკავს და რაღაც კრიტიკულს ამბობს, საზოგადოების მხრიდან სხვანაირად აღიქმება და მათ აზრზე გავლენასაც ახდენს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რომ მთავრობას სურს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა შეამციროს, კიდევ უფრო მეტად დააშინოს როგორც ბიზნესი, ისე ხალხი და მთავრობამ თავისი სულელური და გიჟური ნაბიჯები კიდევ უფრო შორს და შორს გადადგას“, - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე.

გიორგი ფუტკარაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კანონი საკმაოდ ბუნდოვანია, რაც შეგნებულად არის გაკეთებული.

„ეს რომ იყოს ობიექტური, მორალური კანონი, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებებიდან, რა თქმა უნდა, არ დასჭირდებოდა ბუნდოვანებები. ასეთი ბუნდოვანებები საჭიროა იმისთვის, რომ ისე ჭრან და კერონ, როგორც მოესურვებათ კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში. არსებობს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესები, რომლებიც ამ და ზოგადად, მთავრობებს ყოველთვის „უძვრებოდნენ“. შესაბამისად, კანონი რომ არ იყოს ბუნდოვანი, შეიძლება ისეთი ბიზნესიც მოჰყვეს, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის აბსურდულ მოქმედებებს. სისულელეა, რას ნიშნავს, ბიზნესს აუკრძალო ან კრიტიკული აზრის გამოთქმა ან ორგანიზაციისა თუ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მხარდაჭერა“, - ამბობს გიორგი ფუტკარაძე.