თბილისის ცენტრალურ უბნებში როგორც გასაყიდი, ისე გასაქირავებელი ბინები არ იშოვება. საუბარია როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ კლასის ქირებზე. მოთხოვნა მაღალია, მიწოდება - დაბალი, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში უძრავი ქონებია კომპანია „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ.
ვიქტორია საკუროვას ინფორმაციით, მიგრაციის დასრულების შემდეგ ქირის ფასები გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა, საწყის ფასს არასდროს დაუბრუნდება, ვინაიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია.
„მოთხოვნა მაინც არსებობს როგორც საქართველოს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან. ამასთან ერთად, რადგან უძრავი ქონების ღირებულება იზრდება, შესაბამისად, ბევრ ადამიანს არ შეუძლია ბინის შეძენა და დაქირავება უწევს. ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ დიდ დიღომში, სადაც 1-ოთახიანი ახალი ბინის ქირა თვეში 250 დოლარი იყო, 450 და 500 დოლარი გახდებოდა“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.