კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენცია, რომელიც  კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, ტელეკომუნიკაციების განვითარების პერსპექტივებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეებს ეხებოდა, ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა. ეკატერინე იმედაძემ  კომუნიკაციების კომისიის ძირითად ამოცანებზე, ასევე, საქართველოს ციფრულ მდგრადობასა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე რეალობაში სატელეკომუნიკაციო დარგის უსაფრთხოება სცდება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და მას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მარეგულირებელმა გარემომ, ახალი ტექნოლოგიებისთვის პროგნოზირებადი და მოქნილი ჩარჩო შექმნას.
 
კერძოდ, ComCom-ის წევრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის სამომავლო ინიციატივები მოიცავს: ინფრასტრუქტურის გაზიარების ხელშეწყობას GIS პლატფორმის მეშვეობით; ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXP) განვითარების ხელშეწყობას, კერძო 5G ქსელების გავითარების ჩარჩოს შექმნას ინდუსტრიული და საჯარო გამოყენებისთვის; D2D (Direct to Device) სატელიტური მომსახურებების ინტეგრაციის მხარდაჭერას რასაც საფუძვლად უდევს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებები და ბაზრის ანალიზი.
 
ეკატერინე იმედაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ციფრული ინკლუზიურობის გაძლიერებას, მედიისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას: „დაბალანსებული რეგულაცია ნიშნავს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ დაცულ მომხმარებელს და საზოგადოებას, რომელიც მზად არის ციფრული გამოწვევებისთვის.“ — განაცხადა მან.
 
გამოსვლის დასასრულს, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ ხედვაზეც გაამახვილა: „საქართველოს გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ უსაფრთხოება, ინოვაცია და კონკურენტული გარემო უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ჩვენი მიზანია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ლიდერობას და თითოეული მომხმარებლის დაცულობას.“ — აღნიშნა ComCom-ის წევრმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ თვალსაზრისით, კომუნიკაციების კომისიის ამოცანას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
 
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“  „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა“ (SCSA) და „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) ორგანიზებით უკვე მეხუთედ ჩატარდა, ხოლო მეორე წელია ღონისძიებას მხარდაჭერას ComCom-თან ერთად,  კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი და „RIPE NCC” უწევენ. კონფერენციაში მონაწილეობას კიბერუსაფრთოების სფეროს ექსპერტები, ასევე, აკადემიური წრეების, სახელმწიფო სექტორის და ინდუსტრიის წარმომადგენლები იღებდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს