გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე მოქალაქე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა ხრამულის სახეობის 4კგ თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი მავნე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ თევზზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე წყლის ეკოსისტემაში და საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც. ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. დასჯადია მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაც.
ბრაკონიერობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახდენენ. მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს