ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლის თავზე,  საქართველოში ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) 2023 წლის შემაჯამებელ დოკუმენტშია ნათქვამი. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია - საქართველოში მცირდება განსხვავებული აზრის თავისუფლად, რეპრესიების შიშისაგან თავისუფალ გარემოში გამოთქმის სივრცე, რაც ჟურნალისტების, უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში, უფლებადამცველების მიმართ გახშირებულ რეპრესიებში, საპროტესტო აქციების დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ძალადობის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში გამოიხატება. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისა და ლიდერების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებს.

მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა სასამართლო სისტემის და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის კუთხით. სასამართლო სისტემაში არსებული კრიზისული მდგომარეობის დადასტურებას წარმოადგენდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება კორუფციული საქმიანობის გამო. პრობლემაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, მმართველმა პარტიამ კორუფციაში მხილებულ მოსამართლეებს, რომლებიც სასამართლოში არსებული კლანის გავლენიან წევრებს წარმოადგენენ, სოლიდარობა გამოუცხადა. მართლმსაჯულების სისტემის კლანური წესით მართვა უარყოფითად აისახება ყოველდღიური მართლმსაჯულების ხარისხზე.

2023 წელს, გენდერული თანასწორობის კუთხით პოზიტიურ ჭრილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, გაიზარდა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების გენდერული ნიშნით დისკრედიტაციის მცდელობები, რაც ფასადურს ხდის გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულ პროგრესს.

საანგარიშო წელი გამორჩეული იყო შრომის უფლებების დასაცავად სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიერ გამართული პროტესტებით და გაფიცვებით. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა ნაწილმა პროტესტით მიაღწია სასურველ შედეგს, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გადაუჭრელი რჩება აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, შესვენებით, შვებულებით, ე.წ. ბიულეტენით სარგებლობის უფლება.

სახელმწიფოს კვლავაც არ აქვს ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის და უსახლკარობასთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა და ხედვა. ქვეყანაში არსებული სერვისები (ცენტრალური ხელისუფლების თუ მუნიციპალურ დონეზე), რომლებიც მიემართება უსახლკარო პირებს, არასაკმარისი და არაადეკვატურია პრობლემის მასშტაბურობასთან გასამკლავებლად.

2023 წელს საქართველოში გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები წამალზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნა და უზრუნველყო ბავშვების უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვაზე.

მიუხედავად ცალკეული წარმატებისა, საქართველოში დამკვიდრდა ბუნებრივი რესურსების განკარგვის გაუმჭვირვალე და ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა, რაც დაუყოვნებლივ გადახედვას საჭიროებს.

საანგარიშო პერიოდში, რუსულ ოკუპაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისას ეკლესიის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური. 2023 წლის 10 დეკემბერს კი, გალის მკვიდრი თემურ კარბაია გალში მილიციელების ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისი იყო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების ყოველდღიური ყოფიდან მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იდევნება ქართული ენა. გარდა იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ეთნიკურ ქართულ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რიგ შემთხვევებში, გალის და ახალგორის ქართველებს მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებათ.