უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე ევროკავშირში თანხმობაა, თუმცა ბლოკის ლიდერთა გუშინდელი სამიტის შემეგ ღია დარჩა საკითხი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ისინი კიევისთვის გამოყოფილი სესხის დასაფინანსებლად უნდა იქნას გამოყენებული, თუმცა როგორც დასავლური მედია წერს, ამ იდეას ბელგია ეწინააღმდეგება. ეს იმიტომ, რომ 140 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა სწორედ ბელგიურ ფინანსურ ინსტიტუციებში ინახება, ამან კი შესაძლოა, ქვეყნის საფინანსო სექტორზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.
მიუხედავად ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განმარტა, რომ ვეტო მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ბლოკის არცერთ წევრს არ გამოუყენებია და საკითხის ირგვლივ გარკვეული ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს, რომლებიც ნაკლებ რისკებს შეიცავს.
„ვეტო არავის და არაფერთან მიმართებით არ გამოუყენებია. ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იმაში დასაწრმუნებლად, რომ უკრაინის ფინანსური საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული 2026 და 2027 წლებში. ამასთან, ეს უკავშირდება გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს, რომელიც პროცესში წამოიჭრება, თუმცა დეკემბერში ევროპული საბჭო კვლავ შეიკრიბება მათზე საპასუხოდ. რაც შეეხება რუსული აქტივების საკითხს. თუ შევხედავთ გაყინულ რუსულ აქტოვებს, ვნახავთ, რომ არსებობს სხვადასხვა პოტენციური საშუალებები მათთან მიმართებით სამოქმედოდ. გეტყვით,რომ ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროჯგუფის პრეზიდენტები მკაფიოდ აღნიშნავენ,რომ არსებობს ელემენტები, რომელსაც ამ მხრივ გადაწყვეტა სჭირდება და რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია. ჩვენი მხრიდან ვფიქრობ მნიშვნელოვანია გავაჟღეროთ გზავნილი,რომ ამ მხრივ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი მაგრამ ჩვენ ამ გზაზე ვრჩებით ბოლომდე”, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.
ევროპელ ლიდერთა სამიტის შემდეგ, გამოქცეყნებულ განცხადებაში კი ჩაიწერა, რომ “რუსეთის აქტივები უნდა დარჩეს უძრავად მანამ, ვიდრე მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ შეწყვეტს და მეზობელს ომით მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს”.