გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნსდორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა. დეპორტირებულებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი.

ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს ვადიმ კრასიკოვს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანულმა მხარემ პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გერმანიამ კრასიკოვი რუსეთს 2024 წლის 1-ელ აგვისტოს გადასცა.