2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 27.0 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.0 პროცენტით.

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3 პროცენტი, ხოლო კერძოში - 44.7 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1 პროცენტი ქალია, ხოლო 47.9 პროცენტი - კაცი“, - წერია ინფორმაციაში.