იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს მესამე ქვეყნებში საფრენად იყენებს და ქვეყანას კარგი სატრანზიტო ნაკადი აქვს, საქართველო სატრანზიტო ჰაბი ჯერ არ არის და “ეს ბაზარი თურქებმა დაიპყრეს” - ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილმა რუსულ RBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“ეს ბაზარი თურქებმა დაიპყრეს და ჩვენ მხოლოდ ღვეზელის პატარა ნაჭრის აღება როგორღაც მოვახერხეთ. მადლობა თუნდაც ამისთვის,” - ამბობს გაიაშვილი.
რაც შეეხება რუსულ ავიაკომპანიებს, გაიაშვილის მონაცემებით, ბაზარზე მათ სატრანზიტო მგზავრების 80%, Georgian Airways-ს კი 20% გადაჰყავს, საიდანაც 15% მოსკოვის მიმართულების წილია.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია და საქართველოში მასიურად დაფრინავენ როგორც ტურისტები, ასევე, რუსი ბიზნესმენები.
“კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ დავფრინავთ. ეს, მინიმუმ, 14 ფრენაა, ხოლო ზაფხულში დღეში სამ რეისამდე ავდივართ,” - ამბობს გაიაშვილი.
ის მთავარ კონკურენტებად, ძირითადად, თურქულ და არაბულ ავიაკომპანიებს ასახელებს.
“თუმცა ჩვენ გვაქვს საკუთარი ნიშა. ეს რუსეთში მცხოვრები ქართველებია, რომლებსაც დღემდე უყვართ საქართველო. ასევე, მგზავრები, რომლებიც საქართველოს გავლით დასავლეთში მიფრინავენ. ვფიქრობ, ავიაკომპანიისთვის ამან დიდი როლი ითამაშა“, - ამბობს გაიაშვილი.