ზოგიერთი ადამიანისთვის ზამთრის დღესასწაულები მარტოობას, შფოთვასა და დეპრესიას უკავშირდება, ამას კი ფსიქოლოგები სადღესასწაულო დეპრესიას უწოდებენ. ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით უკვე არსებული მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს — მათ 64%-ს სადღესასწაულო სეზონი საკმაოდ მძიმედ გადააქვს… დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში იწყება და მანამ გრძელდება, სანამ სადღესასწაულო სეზონი არ ჩაივლის.
სადღესასწაულო დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები:
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სადღესასწაულო სეზონზე დამწუხრებული ყოფნაა და ეს ინტენსივობისა თუ ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება, განსხვავდებოდეს. რაც შეეხება სადღესასწაულო დეპრესიის ნიშნებს, ასე გამოიყურება:
- მადისა თუ წონის ცვლილება
- ძილის რეჟიმის დარღვევა
- დეპრესიულ განწყობაზე ყოფნა
- კონცენტრირების გართულება
- დამნაშავედ ყოფნის შეგრძნება
- საკუთარი თავის უმნიშვნელოდ ჩათვლა
- ჩვეულზე უფრო დაღლილად ყოფნა
- შფოთვა, დაძაბულობა, მწუხარება
- სიამოვნების დაკარგვა იმ რაღაცების კეთებისას, რაც ადრე გაბედნიერებდათ
სადღესასწაულო დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები:
- ძილის ნაკლებობა
- საკვებისა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება — საშობაო სევდას ადამიანები ხშირად არაჯანსაღი ჩვევებით უმკლავდებიან…
- ფინანსური სტრესი — მეგობრებისა და ოჯახის წევრების საჩუქრების ხარჯმა, შესაძლოა, უფრო დაამძიმოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა.
- იზოლირება და მარტოობა — როცა არ გვაქვს შესაძლებლობა, ახალი წელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გავატაროთ, თავს მეტად მარტოსულად ვგრძნობთ.
- არარეალური მოლოდინები — ამას კი უკვე სადღესასწაულო სეზონის კომერციალიზაცია აკეთებს…
აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო დეპრესია ბავშვებსაც ჩვეულებრივ შეიძლება, დაემართოთ, რომელთაც, თავის მხრივ, განსხვავებულ რუტინაში, ოჯახურ შეკრებებში, მოგზაურობებსა და სხვა სადღესასწაულო აქტივობებში ჩართვა უწევთ.
როგორ გავუმკლავდეთ სადღესასწაულო დეპრესიას?
- დალიეთ ზომიერად — ალკოჰოლი ანტიდეპრესანტი არ არის და ჭარბად მიღებით კიდევ უფრო გააძლიერებთ ისედაც ნეგატიურ შეგრძნებებს. ამიტომაც, ალკოჰოლი არსებული ემოციების თავიდან არიდების მიზნით არ გამოიყენოთ.
- ნუ განმარტოვდებით — სოციალური იზოლაცია დეპრესიის გამომწვევი ფაქტორია… ეცადეთ სოციალიზაციას, გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, წადით გასართობ სივრცეებში ან ნებისმიერ სივრცეში, სადაც თავს მარტო არ იგრძნობთ.
- ივარჯიშეთ რეგულარულად — ფიზიკური აქტივობა დეპრესიის სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.
- ისწავლეთ არას თქმა — სადღესასწაულო სეზონზე ბევრი ადამიანი გთხოვთ დახმარებას, რითაც სოციალური ვალდებულებების პერიოდად ყალიბდება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი საკუთარი საზღვრები მკვეთრად გაავლოთ და თქვათ არა იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლით.
- გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის — დარწმუნდით, რომ დასასვენებლად დრო გაქვთ, თუნდაც ეს დღეში 15-20 წუთი იყოს. სიმშვიდეში დასხედით, წიგნი წაიკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ, წყალი გადაივლეთ, იოგას მიმართეთ ან გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც სტრესის დონეების შემცირებაში დაგეხმარებათ.
- დააწესეთ რეალური მოლოდინები — ნორმალურია საახალწლო სეზონით აღფრთოვანება და გეგმების შედგენა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოს იყოს, რათა ასე შემგომი იმედგაცრუებები აირიდოთ თავიდან.