არ აქვს მნიშვნელობა, ეს წონის კლებაა, ვალების გადახდა, ახალი ჰობი, მეტი სოციალიზაცია თუ რაღაც სხვა, ბევრი ადამიანისთვის ახალ წელს გეგმების დასახვა სადღესასწაულო სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იმედითა და ოპტიმიზმით არიან სავსე, რომ ეს ყველაფერი ახდება. თუმცა რეალობა საპირისპიროა — კვლევის თანახმად, ახალი წლის რეზოლუციების 90% რამდენიმე თვეში მივიწყებულია.
გამონაკლისებიც არსებობს და ახერხებენ წლის დასაწყისში დასახული მიზნების მიღწევას, მაგრამ ბევრი შეცდომას დასაწყისიდანვე უშვებს, შესაბამისად, მათი ახალი წლის გეგმებიც მარცხისთვის არის განწირული. შესაძლოა, მათ შორის თავადაც იყოთ, ახლა კი გეტყვით, რატომ ხდება ასე:
ზედმეტად დიდ რაღაცებზე ფიქრობთ
ახალი წლის რეზოლუციის შედგენისას ადამიანები ხშირად იმგვარ სურვილებს წერენ, რომელთა შესასრულებლად მინიმუმ 30 ქმედებაა საჭირო. ეს გამუდმებით დისკომფორტში ყოფნასაც მოითხოვს, რაც ყველაზე ნაკლებად გვიზიდავს. ამიტომაც გვირჩევენ, მიზნები უფრო პატარა ნაბიჯებად დავყოთ, ისეთებად, რომელთა მიღწევასაც მარტივად შევძლებთ და ბოლოს არც ჩვენი თავით დავრჩებით იმედგაცრუებულნი. მაგალითისთვის, თუ მიზნად ახალი ენის ათვისებას ისახავთ, ისეთ პატარა ქმედებებამდე დაიყვანეთ, როგორებიცაა დღეში 5 წუთის გამოყოფა ახალი სიტყვისა თუ ფრაზის სასწავლად.
არ სვამთ კითხვას: რატომ?
ცვლილებები საკმაოდ რთულია და ამისთვის მნიშვნელოვანია მისი არსი კარგად გავიაზროთ, გავიგოთ, რატომ გვჭირდება ეს. თუ, მაგალითად, მიზანი სავარჯიშო დარბაზში სიარულია კვირაში სამჯერ, რაც რეალურად გვეზიზღება, ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. სანაცვლოდ, აუცილებელია, გავიაზროთ ამ მიზნის მიღმა არსებული პერსონალური მიზეზები. მაგალითად, სავარჯიშო დარბაზში წასვლა იმიტომ გვსურს, რომ ფორმაში ჩავდგეთ, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ თუ რაღაც სხვა? როცა მიზეზს დაადგენთ, უკეთ იპოვით გზებს მასთან მისასვლელად და პროცესიც მეტად სასიამოვნო გახდება.
არ ხართ მზად ცვლილებებისთვის
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სრულდება მარცხით ჩვენი საახალწლო რეზოლუციები გრძელვადიან პერსპექტივაში ის გახლავთ, რომ რეალურად არ ვართ მზად ცვლილებებისთვის. სინამდვილეში ცვლილებასაც აქვს თავისი ეტაპები:
- გაცნობიერების წინა ფაზა — იმის გაცნობიერებას იწყებთ, რომ, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს.
- გაცნობიერება — უკვე ფიქრობთ ცვლილებების განხორციელებაზე.
- მომზადება — იწყებთ გეგმის შედგენას ცვლილების განსახორციელებლად.
- მოქმედება — თქვენ უკვე ცვლილების პროცესში ხართ.
- შენარჩუნება — განსაზღვრავთ, როგორ შეიძლება, შეინარჩუნოთ ეს ცვლილება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც საახალწლო რეზოლუციებს ასრულებენ, ქმედების ფაზაზე არიან…
ამგვარად, ნამდვილი ცვლილებები თანმიმდევრულ ნაბიჯებს მოიცავს, რათა ამ ცვლილებებთან შეგუება შევძლოთ და შემდგომში ჩვევად გარდავქმნათ იგი. გამოდის, თუ ახალი წლის გეგმებს მხოლოდ იანვარში უერთგულებთ, ეს ჩვევად ვერ ჩამოყალიბდება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დიდი ცვლილებების მცირე ქმედებებად დაყოფა და სწორედ ამაში იმალება საახალწლო რეზოლუციების მიღწევის წარმატების გასაღები.