„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორი და მინორიტარი აქციონერი, ნათია ჯანაშია, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია, რომლის აქტივების ღირებულებაც 60 მილიონ ლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ იგი წელს „ფორბსის“ 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ვერ მოხვდა (სადაც ქვედა ზღვარი 80 მილიონი ლარია), ვვარაუდობთ, რომ მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, იგი მომავალში ამ რეიტინგის მოწინავე ადგილებს დაიკავებს,“ - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) აუდიტორული სამსახურის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის ძირითადი მიგნებები აფბას ანალიტიკოსმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ ინვესტორის წინააღმდეგ ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული ბიზნესდავის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგინა.
როგორ დააგროვა ჯანაშიამ 60 მილიონიანი ქონება?
ანალიტიკოსის შეფასებით, ნათია ჯანაშიას კეთილდღეობის მთავარი წყარო „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ მსხვილი ინვესტორის - „საქართველოს განათლების ჯგუფის“ შესვლა გახდა. ქონების დათვლისას რამდენიმე ძირითადი კომპონენტი გამოიკვეთა:
- წილის რეალიზაცია: 2019 წელს ნათია ჯანაშიამ აკადემიის 70%-იანი წილი 29,3 მილიონ ლარად გაყიდა.
- ჯანაშიას საკუთრებაში დარჩენილი 30%-ის ღირებულება: სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე არსებული მონაცემებით, აკადემიის შემოსავლები და მოგება სტაბილურად მზარდია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ 2019 წლიდან დღემდე, დაადასტურა აკადემიის საბაზრო ღირებულების მკვეთრი ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ჯანაშიას მფლობელობაში არსებულ წილზეც.
- სარფიანი შეთავაზება: 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას საპასუხოდ უკუშეთავაზებით მის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის გამოსყიდვაზე გაუგზავნა ოფერი. ინვესტორის მიერ შეთავაზებული თანხა თავად ჯანაშიას მიერ დასახელებულ ფასზე ერთეულთან მიმართებით 33%-ით მეტი იყო.
- სახელფასო შემოსავლები: გარიგების პირობების თანახმად, ნათია ჯანაშია 5 წლის განმავლობაში რჩებოდა აკადემიის მენეჯმენტში. ამ პერიოდში მან და მისმა მეუღლემ ხელფასის სახით ჯამში 5 მილიონი ლარი მიიღეს.
- არადეკლარიებული შემოსავლები: შემოსავლები, რომლის წყაროც უცნობია.
უძრავ-მოძრავი ქონება და ფუფუნების საგნები
აფბას მონიტორინგის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სხვა აქტივებიც, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მენეჯმენტში ყოფნის დროს, 2019-2024 წლებში აქვთ დაგროვებული. საჯარო წყაროებსა და თავად ჯანაშია-ცეცხლაძის განცხადებებზე დაყრდნობით, მის საკუთრებაში ფიქსირდება:
- ელიტარული უძრავი ქონება;
- ლუქს-კლასის ავტომობილები;
- ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული იახტა/კატარღები:
- ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საბრძოლო და სანადირო იარაღები.
აღსანიშნავია, რომ აფბას აუდიტორული სამსახურის მიერ დათვლილ 60 მილიონში არ შესულა ისეთი ძვირადღირებული ფუფუნების საგნები, როგორიცაა ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, აქსესუარები, საათები და დიზაინერული სამოსი, ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ღია წყაროებში დეკლარირებული არ არის.
ბიზნესდავა და სიმდიდრის კონტექსტი
უკვე ორი წელია, ნათია ჯანაშიასა და „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რომელიც ჯანაშიამ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ წამოიწყო. აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ჯანაშიას მხრიდან არაპროვოცირებული დავისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემის მცდელობის მიუხედავად, ფაქტები მოწმობს, რომ სწორედ ინვესტორთან პარტნიორობამ აქცია იგი ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად.
აფბა აგრძელებს მონიტორინგს და აცხადებს, რომ აკადემიის 2025 წლის ფინანსური მონაცემები წინასწარი ცნობებით რეკორდული იქნება. მათი გამოქვეყნებისთანავე, ნათია ჯანაშიას ქონებრივი მაჩვენებლები მყისიერად დაზუსტდება და მიეწოდება დაინტერესებულ საზოგადოებას.
მკითხველს ასევე შევახსენებთ, რომ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში დავის განხილვის გარდა, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ განცხადების საფუძველზე და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე #092060925001, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდში - 2019-2024 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს "ბრიტანულ ქართულ აკადემიის" კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.