ინფექციური დაავადების - მარბურგის ცხელების გავრცელების არეალი შესაძლოა გაიზარდოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების მიხედვით, მსოფლიო ამ ვირუსის ეპიდემიის წინაშე დგას. ,,ჯანმოს’’ გაფრთხილების შემდეგ ყაზახეთმა აეროპორტებში მგზავრებისთვის ტემპერატურის გაზომვა დაიწყო. საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრებს საზღვარზე უკონტაქტოდ უზომავენ სიცხეს.
ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები სექტემბერში რუანდაში დაფიქსირდა. 29 სექტემბრისთვის რუანდაში დაავადების 26 შემთხვევა აღირიცხა. რვა ინფიცირებული გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალოდ, მარბურგის ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა ნახევარი იღუპება. ვირუსი პირველად 1967 წელს გამოვლინდა. მაშინ გერმანიასა და სერბეთში 31 დაინფიცირებულიდან 7 გარდაიცვალა.
მარბურგის ცხელების ინკუბაციური პერიოდი 2-დან 21 დღემდე მერყეობს და სიმპტომები მოიცავს სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას, ძლიერ თავის ტკივილს, მძიმე სისუსტეს და კუნთების ტკივილს. ფატალურ შემთხვევებში, სიკვდილი ინფიცირებიდან მე-8, მე-9 დღეს დგება, რასაც წინ უძღვის ძლიერი სისხლის დაკარგვა და შოკი.
ვირუსის მატარებლები არიან აფრიკული მწვანე მაიმუნები და ღორები, ასევე ეგვიპტური ღამურა. ვრცელდება წვეთოვანი გზით, დაინფიცირებულ ადამიანთან ახლოს კონტაქტით.