რუსეთი და ჩინეთი პირობას დებენ, რომ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარებას უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკეში, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანჯოუში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის შესახებაც ისაუბრეს.
მედიის ცნობით, მიშუსტინი ასევე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს.
„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები უფრო მაღალი დონისა და მაღალი ხარისხის განვითარებისკენ მიისწრაფვის და სტაბილურად ვითარდება არასტაბილური გარემოს მიუხედავად. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების დაცვა, კონსოლიდაცია და განვითარება ორივე მხარისთვის სტრატეგიული არჩევანია“, – განუცხადა სი ძინპინმა მიშუსტინს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, მიშუსტინმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ინვესტიციების მოსაზიდად და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.