სადაზღვევო სექტორი კვლავ ე.წ. დაშენებული პაკეტების შემოღებას ითხოვს. როგორც სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში განმარტავენ, საჭიროა გადაიხედოს 2017 წელს ამოქმედებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ყიდვის შემთხვევაში, პირი სახელმწიფო დაზღვევას კარგავს.

ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ რეგულაცია ნეგატიურად მოქმედებს როგორც ბიზნესზე, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომელთაც სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიღება სურთ.

„დაშენებული პაკეტები არის ჩვენი დიდი პრობლემა, რომელიც წლებია გადაუწყვეტელია.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ადამიანს, თუ ის არ არის პენსიონერი, ბავშვი, შშმ პირი ან ა.შ. ანუ არის შრომისუნარიანი ქართველი, რომელიც მუშაობს და ქმნის ამ ქვეყანაში დოვლათს, შემდეგ კი ინახავს ოჯახს, ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. შესაძლოა, ასეთმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საყოველთაო პროგრამის მიღმა, კიდევ სჭირდება სხვადასხვა სერვისის დაფინანსება და არ უნდა, ეს ხარჯები ჩამოკიდებული იყოს მის ჯიბეზე. თუ ასეთი პირი წავიდა და იყიდა დაზღვევა, ის დაკარგავს საყოველთაოს. გამოდის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის დაკარგვით ისჯება. ეს ძალიან არასამართლიანი და არაეფექტურია.

ჩვენ ვამბობდით, ჩახსენით ეს რეგულირება, მიეცით ყველას თანაბარი წვდომა. მარტივია იმის ახსნა, თუ რა ნეგატიური გავლენა აქვს ამ ყველაფერს მომხმარებელზე. ადამიანს ეკუთვნის საყოველთაო, უფასოდ ეკუთვნის რაღაც დონეზე კარგი სერვისები. რაღაცაში კარგი, რაღაცაში ნაკლებად. მაგალითად, ამბულატორია სუსტია, წამლების ნაწილი და ა.შ. სრულყოფილი სერვისების მიღების მიზნით რომ გადაწყვიტოს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვა, დაკარგავს საყოველთაოს. წარმოიდგინეთ, უფასო სერვისები გაუუქმდება საერთოდ. კარგავს იმას, რაც ეკუთვნის მთავრობისგან და რატომ, არავინ არ იცის ეს.

მეორე საკითხია, რომ მთავრობა აიძულებს ამ კაცს, ჯიბიდან იხადოს ფული. თუ კერძო დაზღვევის ყიდვა მისთვის არ შეიძლება, მაშინ ყველა იმ მომსახურებისთვის, რომელიც სცდება საყოველთაოს, საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს. რაც აგრეთვე ძალიან ცუდია.

სად აქვს ამ საკითხში პრობლემა უშალოდ სადაზღვევო ინდუსტრიას? რომ მივდივართ იურიდიულ პირებთან და ვთქვათ, 100 კაცი მუშაობს იქ. შეთავაზებულ ჯანმრთელობის დაზღვევას დაახლოებით 30% ყიდულობს და ცნობიერად ამბობს უარს საყოველთაოზე. დანარჩენები კი უბრალოდ არ ყიდულობენ და ამბობენ, რატომ უნდა დავკარგოთ საყოველთაო. ჩვენთვის ამას ანტისელექცია ჰქვია. ბოლოს რჩება ისე, რომ დაზღვევას ყიდულობს მხოლოდ ისეთი ხალხი, ვინც იცის, დიდი ხარჯი აქვს წამლებზე. არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ არის ეს შეზღუდვა წლების განმავლობაში მოქმედებაში და რატომ არ ხდება მისი შეცვლა. არც გელაპარაკებიან, რადგან პასუხი არ აქვთ, რატომ არ უნდა შეცვალონ“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წლებია, სადაზღვევო კომპანიები ითხოვენ, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარებს კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება მიეცეთ, როგორც ეს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის (პენსიონერები, ბავშვები, სტუდენტები) შემთხვევაშია.

რაც შეეხება სტატისტიკას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბოლო 2025 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 21% სარგებლობს. საანგარიშო პერიოდისთვის გაცემული იყო 782 035 პოლისი.

www.bpn.ge