„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას, დაუშვას დაზიანებული ნავთობსადენის, „დრუჟბის“ ინსპექტირება.

გამოცემის ცნობით, კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ავიადარტყმის შედეგად მილსადენი სერიოზულად დაზიანდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კი უკრაინას ადანაშაულებენ ნავთობსადენით ნედლეულის მიწოდების განზრახ შეწყვეტაში.

„ფაინენშალ თაიმსის” ცნობით, უკრაინა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა ევროკავშირს მისცეს დაზიანებული მილსადენის ინსპექტირების უფლება.

უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბის“ მილსადენის შეკეთებას დრო სჭირდება. ასევე, კიევმა წარადგინა იანვარში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის მტკიცებულებები. თუმცა უნგრეთი და სლოვაკეთი მაინც ამტკიცებენ, რომ კიევმა მილსადენით ნავთობის მიწოდება განზრახ შეწყვიტა.

საპასუხოდ უნგრეთმა მილსადენის აღდგენამდე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცება და სლოვაკეთთან ერთად უკრაინაში ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის შეთავაზებით გამოვიდა.

ევროკავშირის ხუთი დიპლომატისა და ოფიციალური პირის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა და ასევე ევროკომისიაც კიევს სთხოვენ, დაუშვას ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი, რათა დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად ცდილობს ნავთობის მიწოდების აღდგენას.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ უკრაინაში ვიზიტისას სთხოვეს უკრაინის მთავრობას „დრუჟბის“ მილსადენის დამოუკიდებელი ინსპექტირებისთვის წვდომის მიცემა, თუმცა კიევისგან უარი მიიღეს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, დავა გამწვავდა ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია.

ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა განაცხადა, რომ კიევმა ფაქტობრივად „ავტოგოლი გაიტანა“, როდესაც უნგრეთს ევროკავშირის მიერ შეთანხმებული სესხის დაბლოკვისთვის საბაბი მისცა.

„ჩვენ ვერ ვამბობთ, არსებობს თუ არა დაზიანება. არსებობს ძალიან მარტივი გზა ამის დასაფიქსირებლად და იმის საჩვენებლად, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეკეთებას. ეს მათ არ გააკეთეს“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაა დაახლოებული, უარყო ბრალდება, რომ კიევი პროცესს აჭიანურებს. მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „ნეფტოგაზის“ სპეციალისტებმა ევროპელ კოლეგებს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ „დრუჟბის“ მილსადენი სერიოზულადაა დაზიანებული.

1tv.ge