სათხილამურო სეზონი მოახლოვდა, თუმცა, „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში“ ამბობენ, რომ დაშავებული ადამიანისთვის გუდაურში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში მირანდა ესაკია განმარტავს, რომ დაშავებული მოთხილამურისთვის გუდაურის სამედიცინო პუნქტში მაქსიმუმ ტკივილგამაყუჩებლის მიცემა თუ შეუძლიათ.

„როცა საქმე ეხება უცხოელ ტურისტს, რომელიც სრიალის დროს დაშავდება, ინგლისურად საუბრობს და რეკავს 112-ში, როგორც უცხოურ ენაზე მოსაუბრეს ეუბნებიან, რომ უნდა დააჭიროს სპეციალურ ღილაკს. ძალიან ბევრი ტურისტი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან უწევთ 25 წუთზე მეტი ლოდინი, რომ უცხო ენაზე მოლაპარაკე ოპერატორმა უპასუხოს. წარმოიდგინეთ ფეხმოტეხილი ადამიანი, რომელიც სადღაც ტრასაზე გდია, როგორ ელოდება 25 წუთი ოპერატორს. შედეგად, დახმარებას უწევენ შემთხვევით გავლილი ადამიანები, რაც წარმოუდგენელი ამბავია“, - აცხადებს მირანდა ესაკია.

გარდა ამისა, რადიო „კომერსანტის“ სტუმარი დეტალურად აღწერს გუდაურში რთულ მდგომარეობას:

„საბედნიეროდ, მაშველები ისეთები გვყავს, ყველაფერს კარგად აკეთებენ და ჩაჰყავს გუდაურამდე, სადაც უკვე სასწრაფო დახმარების მანქანის ჯერი დგება. სამწუხაროდ, ეს მანქანა ვერ მიდის ე.წ. მედპუნქტამდე, რადგან გუდაურში არ გვაქვს საპარკინგე ადგილი და მანქანები მთელ ტრასაზე ქაოსურად დგანან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფეხმოტეხილი ან თავგატეხილი ადამიანი საცობის გამო 3 საათი უნდა იჯდეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. კარგ შემთხვევაში, 3 საათის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ, ვთქვათ, მიაღწია ე.წ. მედპუნქტთან, მაგრამ იქ ვერც თაბაშირს დაადებენ, ვერც ვერაფერს გაუკეთებენ, რადგან ამბულატორია არ გვაქვს. მაქსიმუმ, ტკივილგამაყუჩებელს დაალევინებენ და თბილისში გამოუშვებენ“, - ასე აღწერს სათხილამურო სეზონის წინ გუდაურის მდგომარეობას „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი.