აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ არსებული უთანხმოება ტერიტორიულ საკითხს ეხება.
კითხვაზე მოსთხოვეს თუ არა უკრაინას რუსეთისთვის ძალიან ბევრი მიწის გადაცემა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები შესაძლოა, უკრაინამ რამდენიმე თვეში ისედაც დაკარგოს.
„თუ დააკვირდებით, საქმე მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. საბოლოოდ, ეს არის მიწა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება, რუსეთმა მაინც მიიღოს. ასე რომ გსურთ ბრძოლა და კიდევ 50 000-60 000 ადამიანის დაკარგვა? თუ გსურთ ახლა რამის გაკეთება. ზოგიერთ შემთხვევაში მიწა საპირისპირო მიმართულებით მიდის. ასე რომ, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ამის გაკეთებას ცდილობენ. გსურთ გქონდეთ საზღვარი? შეუძლებელია გქონდეს საზღვარი, რომელიც გადის მაგისტრალზე, ან საზღვარი, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში, ეს არ იმუშავებს. ამიტომ, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამდენი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პროგრესს აღწევენ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში და მოსკოვი გარკვეულ დათმობებს დათანხმდა. თუმცა, რა დათმობებზეა საუბარი, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, შესაძლოა მოსკოვში უიტკოფთან ერთად მისი სიძე, ჯარედ კუშნერიც წავიდეს.
კითხვაზე აწესებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად ახალ ვადას, ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის „ვადა არის ის, როდესაც ყველაფერი დასრულდება“.
1tv.ge