„7-8 წლის მერე შესაძლებელია გვყავდეს მაღალმხარჯველიანი აზიელი ტურისტი“ - როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა, პირველი 1-3 წლის განმავლობაში მოდის შედარებით „იაფფასიანი“ სტუმარი, შემდეგ საშუალო სეგმენტის, ხოლო 7-8 წლის მერე შესაძლებელია, მაღალმხარჯველიანი ტურისტები გვყავდეს.
„ბევრი ევროპელი ტურისტი უარს გვეუბნება ვიზიტზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ გარკვეულწილად ჩანაცვლება მოხდა ჩინელი და ინდოელი ტურისტებით. ის ფაქტი, თუ რამდენად მხარჯველუნარიანია ჩინელი ან ინდოელი ტურისტი ევროპელთან შედარებით, მოკლედ რომ ვთქვათ, რაოდენობა აბალანსებს.
მოგეხსენებათ, ჩინეთი ახალი მიმართულებაა ჩვენთვის და ყოველთვის ასეა, რომ 1-3 წლის განმავლობაში მოდის შედარებით „იაფფასიანი“ სტუმარი, ნაკლებმხარჯველიანი. მათზე დაკვირვებით ხდება სტუმრის რაოდენობის ზრდა, მერე თანდათან გადადის საშუალო სეგმენტზე და 7-8 წლის მერე შესაძლებელია გვყავდეს მაღალმხარჯველიანი აზიელი ტურისტი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვემსახურებით ამ ხალხს და როგორი შთაბეჭდილებით წავლენ აქედან“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, აზიასთან ურთიერთობას ახლა ვსწავლობთ და ამ მხრივ ბევრი გამოწვევაა.
„ჩვენ დღეს ვსწავლობთ აზიასთან ურთიერთობას, როგორ მოვემსახუროთ ინდოელებს, ჩინელებს ჩვენთვის და ჩვენი ბაზრისთვის ახალია. ვერგებით ასევე მათ სამზარეულოს, რადგან ისინი თავის სამზარეულოზე არიან აწყობილი. ძალიან ბევრი გამოწვევაა ამ მხრივ. ვცდილობთ, ჩამოვიყვანოთ ჩინეთიდან მზარეულები და დავატრენინგოთ ჩვენი პერსონალი, რათა აქ ჩამოსული ტურისტები კმაყოფილები დაბრუნდნენ უკან“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.