2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  ახალი ევროპული მიმართულება ემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ახალი მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. ამის გამო ახალმა მიმართულებამ ქართველი მოგზაურებისთვის შეიძლება დამატებითი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობები შექმნას — როგორც დასვენებისთვის, ისე მრავალმხრივი ევროპული აღმოჩენებისთვის.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს. 2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით,  თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.