„სამწუხაროდ, ყოველწლიურად, საქართველოში, 3-5 ათასამდე ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ავადობით და ეს სტატისტიკა დაახლოებით 500%-ით არის გაზრდილი 2010 წელთან შედარებით“, - რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნული განცხადება მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა.
როგორც აქტივისტი განმარტავს, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საავტომობილო საცობები და ასევე, ქაოსური მშენებლობებია.
„თუ კვლავ გაგრძელდა ასეთი ქაოსური განაშენიანება, გარკვეული დროის შემდეგ დედაქალაქს დავკარგავთ, თუ რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკა არ შეიცვალა და სხვა მიმართულებით არ წავიდა. რა თქმა უნდა, საცობები და ქაოსური მშენებლობები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია“, - აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე განმარტავს, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რომელიც ბოლო დღეებში ქვეყანაში დაფიქსირდა, ბუნებრივი მოვლენაა, ეს არის უდაბნოს მტვერი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაშიც აღწევს და ჰაერს აბინძურებს.
„დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება დაახლოებით 6 ნოემბრიდან დაიწყო - ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას სმოგიც დაემატა და ერთიანობაში ეს ყველაფერი უკვე თვალხილული გახდა. თუმცა, მხოლოდ ვიზუალურ აღქმაზე რომ არ ვისაუბროთ, გვაქვს ჰაერის საზომი აპარატები, რომლებიც გადანაწილებულია 17 ქალაქში, ასევე, რამდენიმე ქალაქში სამთავრობო სადგურებიც აყენია და ორივე იმაზე მეტყველებს, რომ დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰაერი დღესაც დაბინძურებულია“, - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, თავის დროზე თბილისი იმგვარად იყო განაშენიანებული, რომ სათანადოდ განიავებულიყო, თუმცა, მასიური და ქაოსური მშენებლობების შედეგად, სამწუხაროდ, გასანიავებელი სივრცეები ამოკეტილია.
„ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ბუნებრივი მოვლენაა, ეს არის უდაბნოს მტვერი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაშიც აღწევს და ჰაერს აბინძურებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო გასანიავებელი სივრცეები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ, ყველა ქალაქში, რათა მსგავსი მოვლენების დროს განიავება დროულად მოხდეს“, - ამბობს ჯაფარიძე.