ინფლაცია საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდაა. მას ასევე ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებასაც უწოდებენ, რადგან ფასების ზრდის გამო, მაგალითად, 100 დოლარით ვეღარ ყიდულობ იმდენ საქონელსა და მომსახურებას, რასაც ერთი თვის ან ერთი წლის წინ ყიდულობდი. შესაბამისად, იმ სახელმწიფოებში, სადაც ინფლაცია მზარდია, მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობაც იკლებს.

Visual Capitalist-ის მიერ შექმნილი რეიტინგი ქვეყნებს ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით ასახავს და წარმოადგენს, თუ რისი შეძენა შეუძლიათ ამ ქვეყნების მოქალაქეებს 2025 წლის ბოლოსთვის $100-ად.

Visual Capitalist-მა რეიტინგის შესადგენად საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის პროგნოზირებული მაჩვენებლები გამოიყენა. ამისათვის, წლის დასაწყისი „$100“-ით აღინიშნება, როგორც გამოსათვლელი ინდექსი და ინფლაციის გათვალისწინებით, 2025 წლის ბოლოსთვის „100 დოლარის“ ეკვივალენტი გამოთვალა.

აშშ-ის ეკონომიკურმა სანქციებმა ვენესუელაში ფინანსური კრიზისი გაამძაფრა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წლის ბოლოს, ვენესუელაში ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 549%-ს მიაღწევს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში დაზოგილი 100 დოლარით დეკემბრისთვის მხოლოდ 15 დოლარის ღირებულების საქონლის შესყიდვა იქნება შესაძლებელი.

ამ ექსტრემალური მაგალითის მიღმაც კი, ბევრი სახელმწიფოს ადგილობრივი ვალუტა წლის განმავლობაში მსყიდველობითი უნარის დაახლოებით მეოთხედს დაკარგავს. თუმცა მაშინ, როდესაც ადგილობრივი ვალუტა მსყიდველობით უნარს სწრაფად კარგავს, მოქალაქეებს შეუძლიათ თანხა სხვა, შედარებით სტაბილურ ვალუტაში შეინახონ, რაც მათ დანაზოგებს დაიცავს.

საინტერესოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2025 წლის პროგნოზირებულ მაჩვენებელში, საქართველოსთვის ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა 4.4%-ითაა შეფასებული. თუ იმავე გამოთვლას გამოვიყენებთ, გამოდის, რომ საქართველოში წლის დასაწყისში დაზოგილი $100-ით, წლის ბოლოს $95.8-ის საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა ყველაზე სწრაფად მცირდება:

ქვეყანა მსყიდველობითი უნარი $100-ისთვის 2025 წლის ბოლოს
ვენესუელა $15
სუდანი $67
ირანი $69
თურქეთი $76
იემენი $76
ზიმბაბვე $77
მიანმარი $77
ჰაიტი $77
ბურუნდი $77
არგენტინა $78

forbes.ge