დღეს საქართველოში საქორწინო ცერემონიისთვის საჭირო ძირითადი ატრიბუტიკა - ქორწინების ბეჭდები, პატარძლის კაბა, საქორწინო ვარცხნილობა და მაკიაჟი, ტორტი, ხელმოწერის ცერემონია, ფოტოგრაფი და 100 კაციანი სუფრა რესტორანში, საშუალოდ 26 000 ლარს აჭარბებს.

ყველა საჭირო პროდუქტის თუ მომსახურების გაძვირების გათვალისწინებით, ქორწილის ფასი წინა წელთან შედარებით მინიმუმ 10-15%-ით გაიზარდა, თუმცა 50%-ით გაძვირდა ოქროს ბეჭდები.

ქორწილისთვის აუცილებელი კომპონენტების საშუალო ფასები შემდეგია:

საქორწინო კაბა და მამაკაცის კოსტიუმი - 1600 ლარიდან

საქორწინო კაბების ფასი სტილის, დიზაინის, ბრენდისა და ქსოვილის მიხედვით განსხვავდება და მისი ყიდვის შემთხვევაში საქართველოში არსებულ საქორწინო სალონებში მინიმალური ფასი 1100 ლარია, რაც შეეხება კაბის ქირაობას, ღირებულება 700 ლარიდან იწყება. საქართველოში უპირატესობას კაბების ქირაობას ანიჭებენ, ყიდვის მსურველი კი მხოლოდ 5%-ია. 

მამაკაცის საქორწინო კოსტიუმის ფასი კი საშუალოდ 700-800 ლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქორწინო ჩაცმულობის ფასი 10%-ით გაიზარდა.

ვარცხნილობა, მაკიაჟი, ყვავილები - 500 ლარიდან

სილამაზის სალონები ყველა შესაძლებლობის მქონე პატარძალს სთავაზობენ მომსახურებას. სალონების უმრავლესობამ ბოლო წელიწად-ნახევარში ფასები 20%-მდე გაზარდა, მათი თქმით, თმის მოვლის საშუალებების დიდი ნაწილი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა, სწორედ ეს გახდა მომსახურების გაძვირების მთავარი მიზეზი. შესაბამისად, პატარძლის მაკიაჟის და ვარცხნილობის ფასი სალონებში 400 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება თაიგულს, Flowers.ge მომხმარებელს სტანდარტულ თაიგულს 150 ლარიდან სთავაზობს, საქორწილო თაიგულის ფასი კი მინიმუმ ორმაგია. თუმცა საქორწილო თაიგულის შეძენა 80-100 ლარადაც არის შესაძლებელი. 

საქორწინო ბეჭდები - ორი ცალი ე.წ. „ბაჯაღლოს ბეჭედი“ საშუალოდ 8000 ლარი

ოქროს და შესაბამისად ოქროს ნაკეთობის ფასი ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 443 ლარიდან იწყება, 750-სინჯიანი - 332 ლარიდან, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 259 ლარს შეადგენს.

როგორც „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეები აცხადებენ, ძირითადად, მოთხოვნა 9-10-გრამიან საქორწინო ბეჭედზეა. გამომდინარე აქედან, თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ სტანდარტული გრამაჟობის საქორწინო ბეჭდის შესაძენად, საშუალოდ 4000 ლარია საჭირო.

100 კაციანი სუფრა რესტორანში, გაფორმება, ტორტი - 14400 ლარიდან

რესტორნებში მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად განსხვავდება ფასები, მომსახურება, ხარისხი და გაფორმებაც. ერთი სტუმრის ფასი 120 ლარიდან იწყება, რესტორნის მინიმალური გაფორმება და საპატარძლო სუფრა კი დაახლოებით 1500 ლარი ღირს. რესტორნებში ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება ტორტს, 100-ნაჭრიანი საქორწილო ტორტის ფასი, მინიმალური გაფორმებით საშუალოდ 900 ლარია. რაც შეეხება ფასების გაძვირებას, კონდიტერების უმრავლესობა ამბობს, რომ ფასები წინა წელთან შედარებით საშუალოდ 10%-ით არის გაზრდილი, რაც ინგრედიენტების გაძვირებამ განაპირობა.

ხელმოწერის ცერემონია - 75 ლარიდან

იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა, თუმცა თუ წყვილს დამატებითი სარიტუალო მომსახურება ან შენობის გარეთ ხელმოწერა სურთ, ამ შემთხვევაში ფასი 75 ლარიდან იწყება.

ფოტო-ვიდეო გადაღება - 1800 ლარი

ქორწილზე ფოტოსესიას და ვიდეოგადაღების ფასიც განსხვავებულია, მაგალითად ervisebi.ge-ზე ეს მომსახურებას მთელი დღის განმავლობაში 1800 ლარად აქვს. ფასი წინა წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს სამომხმარებლო ფასებს 305 პროდუქტზე, ქორწილისთვის საჭირო პროდუქციის ფასები 2026 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემდეგნაირად შეიცვალა:

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - გაძვირდა 49.3%-ით.

კაბა - გაძვირდა 6.7%-ით;

მამაკაცის კოსტიუმი - ფასი თითქმის არ შეცვლილა;

სადილი რესტორანში - გაძვირდა 6.5%-ით;

ქალის თმის დავარცხნა - გაძვირდა 14.2%-ით;

მამაკაცის თმის შეჭრა - გაძვირდა თითქმის 14.8%-ით;

ნამცხვარი - გაძვირდა 2%-ით.