ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ რაც უფრო დიდია მთავრობა, მით მეტი შეხება აქვს მის ბიუროკრატიას ბიზნესთან და ყველაზე უფრო „ნაყოფიერი“ ნიადაგი კორუფციისთვის არის სწორედ წერტილი, სადაც მთავრობა ბიზნესს ეხება, რადგან სადაც მთავრობას აქვს დისკრეცია, მისცეს თუ არა ბიზნესს პროექტის განხორციელების უფლება, ლიცენზია თუ ნებართვა, რაც უფრო მეტია შეხების წერტილი, მექანიკურად, კორუფციაც უფრო მატულობს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების პათოსი მთავრობის მაქსიმალურად შემცირება უნდა იყოს.

„თუ ქვეყნის ზომის გათვალისწინებით პროპორციულად შევედრებით შვედეთს, შვეიცარიას, ირლანდიას, ბევრ ქვეყანას, ვნახავთ, რომ გაცილებით დიდი მთავრობა გვყავს, ვიდრე საჭიროა. რაღაც სამინისტროები, მე თუ მკითხავთ, არც უნდა არსებობდეს, მაგრამ ამხელა ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამდვილად არ გვჭირდება. შეიძლება იყოს რამდენიმე სააგენტო, რომლებიც აუცილებელ, მინიმალური რეგულაციებს შეასრულებენ, მაგრამ ამხელა მონსტრი ეკონომიკის სამინისტროს ქონა საერთოდ არ არის საჭირო. განათლებისა და ჯანდაცვის დარგებშიც სახელმწიფოს მონაწილეობას მკვეთრად შევამცირებდი. მოკლედ, ზოგიერთი სამინისტროს გაუქმება, ბევრი სამინისტროს ნაკლები ჩარევა ეკონომიკაში და ზოგადად, ეკონომიკური საქმიანობის მეტი პრივატიზაცია - ეს არის მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასაც ხელს უწყობს და კორუფციასაც ამცირებს“, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.