„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას, – ამის შესახებ ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ვენაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას. ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს“, უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზირების ტენდენციაზე. ამავდროულად, ანგარიშში უგულვებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წყარო: პირველი არხი