„ეს კანონი თუ ბოლომდე გავიდა, ახალგაზრდებისგან სრულად დაიცლება ქვეყანა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, კახა ურიადმყოფელი წერს.

გავრცელებულ პოსტს სრულად გთავაზობთ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის დაწერა ისევ მომიწევდა.

მთელი ცხოვრებაა პარლამენტთან ვმუშაობ, მთელი ცხოვრებაა ამ საკითხებს ვიკვლევ და ვასწავლი. პირდაპირ ვამბობ: 

ეს კანონი თუ ბოლომდე გავიდა, ამ ქვეყანაში აღარასდროს შეიცვლება ხელისუფლება!

ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს - ლექტორები, მეცნიერები, სამოქალაქო აქტივისტები - ვიქცევით პრობაციონერებად და მოგვიწევს ორგანოებში აღრიცხვაზე სიარული!

ვინც ამას არ იზამს, ჯერ გაგვაკოტროლებენ, შემდეგ გაამკაცრებენ სასჯელს და დაგვიჭერენ!

დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი სიტყვა - ჩაითვლება ანტიქართულ საქმედ და დანაშაულად!

ბევრი ამას ვერ გაუძლებს და მით უმეტეს ახალგაზრდებისგან სრულად დაიცლება ქვეყანა!

დარჩება მხოლოდ მდიდარი ხელისუფლება და გაღატაკებული მოსახლეობა, რომელსაც საკვებად მხოლოდ სანახაობები დარჩებათ - სახალხოდ დასჯიან „ეკლესიის მაგინებლებს", „უცხოეთის აგენტებს", „ხალხის მტრებს" და ეს იქნება ის მაქსიმუმი "სიკეთე" რასაც ამ ქვეყანაში ოდესმე იხილავთ!

ქვეყანას აღარ ეყოლება მეგობარი, გარდა რუსეთისა, ბელარუსისა და თურქმენეთისა!

ამ კანონით დაიწყო რუსეთში თავისუფალი ადამიანების განადგურება და ტირანიის დამყარება!

მხოლოდ ის ხელისუფლებები იღებენ ასეთ კანონს, რომლებიც მთელი ცხოვრება აპირებენ ძალაუფლებაში ყოფნას!

მოგმართავთ იმ უფროს თაობას, ვინც ალტ ინფოს, ობიექტივს, იმედს და პოსტ ტვ-ს უზიხართ დღედაღამ - თქვენ გატყუებენ! გამიზნულად გაძულებენ ახალგაზრდა თაობას და ევროპულ ღირებულებებს, რადგანაც სწორედ თავისუფალი და ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდები არიან პირველი საფრთხე და მტერი კორუმპირებული ავტორიტარული რეჟიმების! ეს არ არის გარყვნილი თაობა, ეს არის თავისუფალი და პატრიოტი თაობა! არცერთ ქვეყანას არ ექნება მომავალი ახალგაზრდების გარეშე, ამიტომ გარყვნილები არიან თავად ისინი, ვინც ახალგაზრდებს ებრძვის!

განსაკუთრებით მინდა იმ ადამიანებს მოგმართოთ, ვისაც ნაცების სიძულვილის გამო გიჭირთ ხმის ამოღება - ბევრი ვერ შემედრებით წინა რეჟიმთან ბრძოლაში. მაგრამ

იცოდეთ, რომ თქვენს იმედად კლავენ დღეს ამ ქვეყანას, თქვენი იმედით აპირებენ სამუდამოდ ძალაუფლებაში ყოფნას და ამ ქვეყნის მითვისებას. ამიტომ გთხოვთ, გადააბიჯეთ ამ სიძულვილს, ჭირსაც წაუღია წარსული, ეს ქვეყანა უბრალოდ აღარ იარსებებს თუ ეს კანონი ბოლომდე გავიდა!“, - წერს კახა ურიადმყოფელი.