მთავრობამ მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა. ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს.

ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ:

  • ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს;
  • სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას. კომისია მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში,“- ნათქვამია დადგენილებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ფარგლებში 1 000 000 ლარი არის გამოყოფილი. შესაბამისად, გამოდს რომ წელს 100 მასწავლებლის დაჯილდოება იგეგმება.