საქსტატის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 15 200 ვიზიტის მიზანი მკურნალობა იყო.

2024 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 521.6 ათასი შეადგინა. მათი უმეტესობის, 34.6%-ის მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო. საყიდლების მიზნით ვიზიტების 33.7% განხორციელდა, რასაც 16.3%-ით მოსდევს დასვენება, გართობა და რეკრეაცია.

გამყვან ტურიზმზე დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, 5.1%-ით გაიზარდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 873.1 ლარი შეადგინა. კატეგორიების მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი, 38.8% საყიდლებზე მოდის. შესაბამისად, სამ თვეში საზღვარგარეთ საყიდლებზე 176.9 მილიონი ლარი დაიხარჯა.