ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის - სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.
პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.
15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.
(NS)