დედაქალაქში ერთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ მეორედ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შემცირდა თუ არა ბოლო პერიოდში სასტუმროებზე მოთხოვნა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ სასტუმროებზე მოთხოვნა ქართველი დამსვენებლის მხრიდან შემცირდა. როგორც კოკაია „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

„შედარებით არის შემცირება ქართველი დამსვენებლების მხრიდან იმიტომ, რომ არ არიან დასვენებისკენ მომართულები და მეორე ის, რომ მიმდინარე პროცესების გამო, რეკლამა ვერ მუშაობს ეფექტურად. აქედან გამომდინარე, ქართველებში არის უფრო დიდი კლება, ვიდრე უცხოელებში“, - ამბობს კოკაია.

რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, მათი რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა კოკაიას განმარტებით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მიმდინარე სეზონზე უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

„ტურისტების ძირითადი რაოდენობა ისევ შემოდის, მაგრამ ზრდას უფრო მეტს ველოდით ამ პერიოდში. ყველაფერი დამოკიდებული არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თუ იქნება მშვიდობა, მოლოდინიც დადებითი გვექნება და წარმატებული სეზონი იქნება, თუ უფრო დაიძაბება მდგომარეობა, ვიდრე უკვე არის, ამას შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ზარალდება ხოლმე ჩვენი ინდუსტრია“, - აღნიშნა კოკაიამ.

მისი თქმით, საქართველოს კვლავაც სტუმრობენ ტურისტები აზიიდან და არაბული ქვეყნებიდან, ამასთანავე, დიდია მოთხოვნა პოლონეთიდან და გერმანიიდან. საქართველო წელსაც აქტუალური მიმართულებაა სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის.

„საკმაოდ მრავალფეროვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ტურისტები შემოდიან. არის თითქმის ყველა ქვეყნიდან, რომელსაც პირდაპირი ფრენები აქვს საქართველოსთან. ტურისტები გვყავს ტაილანდიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, აზიიდან, არაბული ქვეყნები ისევ აქტიურია და ევროპიდანაც შემოდიან ხოლმე, უფრო მეტად პოლონეთიდან და გერმანიიდან“, - განაცხადა „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ და სხდომა 67 წამში დასრულდა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი ხვალ, 14 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

bpn.ge