2026 წლის ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.4%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის აგვისტოს ოთხთვიან მიმოხილვაშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ბოლო თვეებში ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირებაა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებას უკავშირდება. ივნისში დროებითი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე ნავთობის ფასები შემცირდა, რის გამოც საქართველოში საწვავი მცირედით გაიაფდა, თუმცა რეგიონში ვითარების ხელახალი გამწვავების შემდეგ ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო.

მიმოხილვის თანახმად, ივლისში საბაზო ინფლაციამ, რომელიც არ ითვალისწინებს მერყევი სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.4% იყო.

თვიურ ჭრილში ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის მცირედით გაიაფებასა და სეზონურად გაიაფებულ ბოსტნეულსა და ხილზე მოდიოდა. კერძოდ, საწვავის ფასების კლებამ თვის ინფლაცია 0.11 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ხოლო პომიდვრის, კარტოფილისა და ატმის გაიაფებამ საერთო ჯამში 0.33 პროცენტული პუნქტით. ამასთან, ხახვის, ვაშლისა და იმერული ყველის გაძვირებამ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით 0.19 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

წლიურ ჭრილში ბენზინი 23%-ით, ხოლო დიზელის საწვავი 36%-ით არის გაძვირებული. საწვავის წვლილმა მთლიან ინფლაციაში 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კვლავ ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად რჩება. ივლისში ამ ჯგუფში ფასები წლიურად 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიან ინფლაციაში მისი წვლილი 1.7 პროცენტული პუნქტი იყო. ყველაზე დიდი გავლენა ხორბლის პურისა და ძროხის ხორცის გაძვირებას ჰქონდა, რომელთა წვლილმა თითოეულ შემთხვევაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასევე ელექტროენერგიის გადასახდელისა (0.5 პპ) და ჯანდაცვის მომსახურების (0.4 პპ) გაძვირებამ.

ამასთან, ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე დიდი გავლენა კარტოფილის წლიურმა გაიაფებამ მოახდინა, რომელმაც საერთო მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე დეფლაციური ტენდენციაც გრძელდება - საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის ტელევიზორების, მაცივრებისა და სარეცხი მანქანების გაიაფებამ ინფლაცია დამატებით 0.19 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

მიმოხილვის მიხედვით, ივლისში ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წლიურმა ინფლაციამ 6.4%, იმპორტირებული პროდუქციის ინფლაციამ 5.3%, ხოლო შერეულად წარმოებული პროდუქციის ინფლაციამ 4.4% შეადგინა. იმპორტირებული ინფლაციის ზრდის მთავარი ფაქტორი კვლავ საწვავის გაძვირება იყო.