ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ახალი შეფასების მიხედვით, საქართველოში რეაბილიტაციის სფეროში სპეციალისტების რაოდენობის ზრდაა საჭირო, რათა სექტორმა როგორც არსებული, ისე სამომავლოდ მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.

ჯანმოს შეფასებით, სარეაბილიტაციო სერვისები და შესაბამისი პროფესიონალები ქვეყანაში ძირითადად ქალაქებშია თავმოყრილი. ამის გამო, სოფლად და მოშორებულ დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომა უფრო შეზღუდული აქვს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რეაბილიტაციის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს შორის არიან ოკუპაციური თერაპევტები, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექიმები, ფიზიკური თერაპევტები, პროთეზისტები და ორთეზისტები, ასევე ენისა და მეტყველების თერაპევტები. თუმცა, რამდენიმე მიმართულებით კადრების დეფიციტი კვლავ პრობლემად რჩება, ხოლო ზოგიერთი პროფესიის საქმიანობა ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის რეგულირებული.

ჯანმო მომავალში რეაბილიტაციაზე მოთხოვნის ზრდას ელოდება. ორგანიზაციის შეფასებით, მოსახლეობის დაბერება, არაგადამდები დაავადებების, ტრავმებისა და ქრონიკული მდგომარეობების გავრცელება რეაბილიტაციის სერვისებზე საჭიროებას კიდევ უფრო გაზრდის.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამუშაო ძალის განვითარება მოსახლეობის ცვალებად საჭიროებებს უნდა მოერგოს. ამის მიზანი ადამიანებისთვის ფუნქციონირების, ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივი მოვლის საჭიროების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რეაბილიტაციის მიმართულებით განათლების შესაძლებლობების გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, განსაკუთრებით ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით. თუმცა, განათლების მასშტაბების ზრდას ჯერ არ მოჰყოლია საკმარისი რაოდენობის დაფინანსებული ვაკანსიები და მდგრადი დასაქმების შესაძლებლობები.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას იძლევა, რომ რეაბილიტაციის სერვისები უფრო მეტად ინტეგრირდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.

ორგანიზაციის შეფასებით, რეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური მოძრაობის აღდგენას არ გულისხმობს და მულტიდისციპლინურ, ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს. მისი მიზანია პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირებისა და საზოგადოებაში ჩართულობის მხარდაჭერა. ჯანმოს მიხედვით, ისეთი პროფესიების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, როგორიცაა ოკუპაციური და ენისა და მეტყველების თერაპია, პაციენტების შესაბამის სერვისებზე დროულ გადამისამართებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი განათლება, ზედამხედველობის ქვეშ მიღებული კლინიკური გამოცდილება, უწყვეტი პროფესიული განვითარება, პროფესიული რეგულაციები, კომპეტენციის სტანდარტები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.

ჯანმო საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით მოქმედების აუცილებლობაზე მიუთითებს. მათ შორისაა რეაბილიტაციის სპეციალისტების მოზიდვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა, განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობების გაფართოება, მულტიდისციპლინური მუშაობისა და პაციენტების გადამისამართების სისტემების გაძლიერება, სამუშაო ძალის უკეთ დაგეგმვა და რეგულირება, ასევე სარეაბილიტაციო სერვისებში ინვესტიციების გაზრდა.

Jandacva.ge