კატარაქტით მსოფლიოში 94 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სიბრმავის და სუსტი მხედველობის 50%-ის მიზეზი კატარაქტაა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი და მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა აცხადებს, „დროულად ჩატარებული ქირურგიული ჩარევა მარტივად იძლევა შედეგს როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის“.
„კომერსანტი“ მარიამ გოლოვაჩოვას კატარაქტაზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, სიმპტომებზე და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.
რა არის კატარაქტა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
მარიამ გოლოვაჩოვა, ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი: კატარაქტა თვალის გამჭვირვალე ნაწილის, ბროლის, ნაწილობრივი ან სრული შემღვრევაა, რის გამოც თვალში შემავალი სინათლის სხივების შეღწევის შეფერხება ხდება და ისინი ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე. შედეგად ვითარდება მხედველობის დაქვეითება.
კატარაქტა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, თუმცა ძირითადად თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებად იყოფა.
შეძენილი კატარაქტა შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვადასხვა ზოგად დაავადებასთან, მათ შორის ოფთალმოლოგიურ დაავადებებთან და ოპერაციებთან. ხშირია მეტაბოლური დარღვევებით (დიაბეტური კატარაქტა), დასხივებით გამოწვეული (ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება), ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, ტრავმული, ასაკობრივი ანუ ხანდაზმულთა კატარაქტა.
როგორია კატარაქტაზე მომართვიანობა - მზარდი, თუ კლებადი და რა განაპირობებს ასეთ ტენდენციას?
დღევანდელ რეალობაში გაიზარდა მოთხოვნა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხანდაზმულ ასაკში, ყოველდღიურ საქმიანობაში, კარგი მხედველობის ქონა მნიშვნელოვანია. გაიზარდა კატარაქტის ცნობადობა. მომართვიანობა და ტენდენცია მსოფლიოს შესაბამისად, საქართველოშიც მზარდია.
ვის შეიძლება დაემართოს კატარაქტა,?
ხანდაზმულთა კატარაქტა ძირითადად 60 წლის ზემოთ ვლინდება, თუმცა ბოლო პერიოდში დაავადების გაახალგაზრდავება აღინიშნება. ასაკობრივი კატარაქტის პრევენცია სამწუხაროდ არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება.
რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას, როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ შესაძლოა კატარაქტა აქვს და როდის უნდა მიმართოს ექიმს?
კატარაქტა შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: მხედველობის დაბინდვა შორ და ახლო მანძილზე; ღამით მხედველობის გაუარესება; შუქზე მგრძნობელობის მომატება; განათების მომატების საჭიროება კითხვისას, თითქოს არ ყოფნის განათება; ჰალოები სინათლის წყაროს გარშემო; სათვალის ან ლინზის ხშირი შეცვლის საჭიროება; ფერების სიმკვეთრის შეცვლა, მოყვითალო ფერში აღქმა; მხედველობის გაორება; ცენტრალური კატარაქტის დროს მზეში მხედველობის დაქვეითება და საღამოს საათებში გაუმჯობესება; საკითხავი სათვალის გარეშე კითხვა 55 წლის ზემოთ; შორს მხედველობის გაუარესება.
პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე.
როგორ ხდება დიაგნოსტირება და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს კატარაქტის დიაგნოსტირებაში?
კატარაქტის გამოსავლენად მნიშვნელოვანია სკრინინგი. დაავადების დროული გამოვლენა მნიშვნელოვანია ქირურგიული ჩარევის და პოსტოპერაციული პერიოდებისთვის. დროულად ჩატარებული ქირურგიული ჩარევა უფრო მარტივად იძლევა შედეგს როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის. კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციისთვის საჭიროა ნაკლები ულტრაბგერის გამოყენება, რაც ზოგავს დროს და შესაბამისად, ქსოვილებზე ზემოქმედებას და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია უფრო ხანმოკლეა.
კატარაქტის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია ნაპრალოვანი სანათით პაციენტის გამოკვლევა.
თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა, რითაც აღჭურვილია „ნიუ ჰოსპიტალსი“, მნიშვნელოვანია კატარაქტის წინასაოპერაციო კვლევებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს უმაღლესი სიზუსტით გამოვთვალოთ ხელოვნური ბროლის დიოპტრიული მაჩვენებელი და შედეგად მივიღოთ იდეალური მხედველობა.
როგორ ხდება პაციენტისთვის ბროლის შერჩევა?
„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თითოეული პაციენტისთვის ბროლის ინდივიდუალური შერჩევა პაციენტის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით ხდება. პრემიუმ ხარისხის ბროლის საშუალებით შესაძლებელია მხედველობის ფოკუსირება სხვადასხვა მანძილზე. მათი მეშვეობით პაციენტს არ ესაჭიროება სათვალე არც ერთ მანძილზე: კითხვისთვის, კომპიუტერისთვის და შორს ხედვისთვის. პრემიუმ ხარისხის ბროლებით ასევე შესაძლებელია არსებული თანდაყოლილი ასტიგმატიზმის კორექცია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ კატარაქტამდე არსებულზე უკეთესი მხედველობა. რა თქმა უნდა, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება სხვა თანმხლები ოკულარული პათოლოგიები.
რამდენად რთულია კატარაქტის ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას პაციენტმა?
კატარაქტის ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ტარდება, უმტკივნეულოა და 10-15 წუთი გრძელდება. პროცედურა - ფაკოემულსიფიკაცია თანამედროვე ულტრაბგერითი მოწყობილობის საშუალებით სრულდება, რქოვანაზე 2 მმ-მდე ზომის განაკვეთი კეთდება, რაც არ საჭიროებს ნაკერების დადებას.
ტარაქტის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარტივია. ოპერაციიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას და მტვრიან გარემოს. ფაქტობრივად, ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს კატარაქტას ოპერაციის ხარჯებს. კონკრეტულად ვისთვის ფარავს სახელმწიფო ამ ოპერაციის ხარჯებს?
საქართველოში ყველა პენსიონერს კატარაქტის ოპერაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნაწილობრივ ან სრულად უფინანსდება.