ასაკის მატებასთან ერთად თვალის ირგვლივ კანი ელასტიკურობას კარგავს, რაც ხშირად ზედა ქუთუთოს ჩამოშვებასა და ქვედა ქუთუთოს არეში ცხიმოვანი ბალიშების წარმოქმნას იწვევს. ასეთ შემთხვევებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი ბლეფაროპლასტიკაა.
ბლეფაროპლასტიკა, ეს ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ცნობილი ქირურგიული პროცედურა, რომელიც ზედა და ქვედა ქუთუთოების კორექციას ისახავს მიზნად.
,,ნიუ ჰოსპიტალსის” ოფთალმოლოგის ელისო ბრეგვაძის თქმით, ბლეფაროპლასტიკა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ზედა ქუთუთოზე ჭარბი ან დაშვებული კანი, ასევე ქვედა ქუთუთოებზე ცხიმოვანი ჩანთების არსებობა. ექიმი განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ზედა ქუთუთოს ჩამოშვებული კანი არა მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის, არამედ მხედველობის არესაც ზღუდავს და ყოველდღიურ საქმიანობას ართულებს.
ბლეფაროპლასტიკაზე დამატებითი ინფორმაციისთვის “კომერსანტმა” ოფთალმოლოგ, ოფთალმო ქირურგ ელისო ბრეგვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
• რა არის ბლეფაროპლასტიკა?
ბლეფაროპლასტიკა არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც კეთდება ზედა ან ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის. მიზანშეწონილია ბლეფაროპლასტიკის გაკეთება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უჩივიან თვალის ზედა ქუთუთოზე ჭარბ კანს ან დაშვებულ კანს, ხოლო ქვედა ქუთუთოებზე ცხიმოვანი ბალიშების ჩალაგებას. ასევე, დაშვებული თვალის შემთხვევაში, პაციენტები აღნიშნავენ, რომ ხელი ეშლებათ მხედველობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
• ბლეფაროპლასტიკა მხოლოდ ესთეტიკური პროცედურაა თუ გარკვეულ შემთხვევებში მხედველობის გაუმჯობესებაშიც ეხმარება პაციენტს?
ბლეფაროპლასტიკა ძირითადად ესთეტიკური დანიშნულებით კეთდება, თუმცა „ნიუ ჰოსპიტალში“ პაციენტები მოგვმართავენ მხედველობის დისკომფორტის გამო, ვინაიდან ჭარბი კანი აწვება ქუთუთოებს, რაც იწვევს სიმძიმის შეგრძნებას და დილაობით ხშირად უჭირთ თვალის გახელა.
• როგორ მიმდინარეობს პროცედურა, რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი და რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო ოპერაციის შემდეგ?
ბლეფაროპლასტიკა კეთდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ანესთეზიით, ოპერაციის ხანგრძლივობა არის 30-60 წუთი, რაც დამოკიდებულია კანისა და ცხიმოვანი მასის მოცულობაზე. ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა პირველი რამდენიმე დღე პაციენტები აღნიშნავენ შეშუპებას და მცირეოდენ სილურჯეს. ნაკერებს პაციენტებს ვხსნით 7-10 დღეში. სავალდებულოა? პაციენტმა ოპერაციის შემდეგ შეზღუდოს ფიზიკური აქტივობა დროებით, მოერიდოს მზეს და აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.
•რამდენ ხანს გრძელდება ბლეფაროპლასტიკის შედეგი?
ბლეფაროპლასტიკის შედეგი შესაძლოა 15 წელზე დიდხანსაც გაგრძელდეს, თუმცა პაციენტი ბუნებრივ დაბერებას, რა თქმა უნდა, მაინც განიცდის. განმეორებითი პროცედურა ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო იყოს.