საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში 5 აგვისტოს დაფიქსირებული ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზს განმარტავს.
უწყების ინფორმაციით, 24–25 ივლისს მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, სადგურის მოწყობილობების შესწავლის მიზნით საჭირო გახდა ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში, ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია, ხოლო უახლოეს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება.
5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს 24–25 ივლისის შემდეგ მსგავსი მასშტაბის უკვე მესამე შემთხვევაა.
შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა, ხოლო შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე ორი ენერგოსისტემა გაიმიჯნა, რის შედეგადაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში გადავიდა. კომისიის ინფორმაციით, ამას სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.