რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის (Роспотребнадзор) დავალებით, სახელმწიფო მარკირების სისტემამ „ჩესტნი ზნაკმა“ (Честный знак) სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი წყლისა და გაზიანი სასმლის რეალიზაცია შეაჩერა,- ამის შესახებ სისტემის ოპერატორმა -პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ЦРПТ) განაცხადა.
ცენტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით. უწყების განმარტებით, შეზღუდვის საფუძველი მწარმოებლების მხრიდან პროდუქციისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევაა.
შეზღუდვა ვრცელდება სომხეთში წარმოებული რამდენიმე ბრენდის ცალკეულ პარტიებზე, მათ შორის მინერალურ სამკურნალო-სუფრის წყალ BJNI-ზე, ბუნებრივ სასმელ წყალ „Просто Азбука“-ზე, მათ შორის საბავშვო წყალზე, ასევე უალკოჰოლო გაზიან სასმელ Mojito-ზე (ბრენდი DARBAS).
ЦРПТ-ის განმარტებით, აკრძალვა მხოლოდ კონკრეტულ თარიღებში წარმოებულ პარტიებს ეხება და აღნიშნული მწარმოებლების სხვა პროდუქცია შეზღუდვის ქვეშ არ მოექცა.
ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, რევაზ იუსუპოვის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან „ჩესტნი ზნაკის“ სისტემამ ვადაგასული ან რეგულაციების დარღვევით წარმოებული 48 მილიონი ბოთლი სასმელი წყლის გაყიდვა აღკვეთა.
ამასთან, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) სომხეთიდან იმპორტირებული რძის პროდუქტების რეალიზაციაც აკრძალა.
მანამდე, 26 ივნისს, როსსელხოზნადზორმა დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეზღუდვები სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზეც გავრცელდა. უწყების განცხადებით, შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ გამოვლენილი დარღვევები სრულად არ აღმოიფხვრება.