“ვხედავთ ტექტონიკურ ძვრებს შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით“ - ასე პასუხობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ზაქარეიშვილი BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ კითხვას - განვითარების რა ეტაპზეა „შუა დერეფანი“.
TCRC-ის ხელმძღვანელი „შუა დერეფნის“ განვითარების ეტაპებს მიმოიხილავს და ამბობს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში საწარმოების გაძლიერება და გადაზიდვების გააქტიურება შეინიშნება. პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ცვლილებების იმ ტალღას, რომელიც ამ ქვეყნებში მიმდინარეობს.
„დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ჩასახვის პროცესში იყო, დერეფნის განვითარებისთვის საწყისი იმპულსის მისაცემად მეზობელი აზერბაიჯანის, ყაზახეთის პრეზიდენტები მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ ყოფილიყო პროექტი, რომელიც წაგებიანი იქნებოდა და მასში ჩართული რკინიგზების და პორტების მოგებიანობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ ამით დერეფნის ამოქმედებას მიეცემოდა ბიძგი. ამის შემდეგ, გარკვეულწილად, ერთი ეტაპი გავიდა, წინა პლანზე ჩართული რგოლების მოგებიანობის პრინციპი წამოვიდა. უკვე მეორე ეტაპზე გადავედით - დამოუკიდებელი კავშირები - რკინიგზა, პორტები, ტერმინალები და ასე შემდეგ, უკვე მოგებიანობის პრინციპზე გადავიდნენ. რა თქმა უნდა, ეს ეტაპიც გავიარეთ და დღეს უკვე ვხედავთ, მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, ტექტონიკურ ძვრებს შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ეს არის საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს განვითარების ამ ტენდენციებში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან თუნდაც, ყაზახეთში ხუთი მეტალურგიული კომბინატის განვითარებაზე 10 მილიარდი დოლარი იდება, უზბეკეთში ქიმიური ტვირთების განვითარებაზე 10 მილიარდი დოლარი იდება. ბუნებრივია, აქ ისმის კითხვა - 2028-2030 წლებში ამ საწარმოების სიმძლავრეების გამომუშავების პიკში შესვლის შემდეგ, ეს ტვირთნაკადი სად უნდა წამოვიდეს? სადღაც უნდა იპოვოს ამან თავისი გზა და სადაც უფრო მისაღები იქნება, იქ წავა.
ჩვენ ნუ დაგვავიწყდება ერთი გარემოება, რომ ცენტრალურ აზიის ამ არეალში სხვადასხვა ალტერნატიული დერეფნები ვითარდება - იბადება ავღანეთზე გამავალი დერეფანი, ვითარდება ჩრდილოეთ-სამხრეთი - ირანზე გამავალი დერეფანი. ამიტომ, ნურავინ იტყვის, რომ ტვირთები, სანქციების გამო, რაღაცნაირად, მარტო ჩვენკენ წამოვა, იმიტომ რომ ეს ქვეყნები მრავალვექტორიან პოლიტიკას ატარებენ და სადაც აწყობთ იქ დაამისამართებენ ტვირთებს“, - განმარტა პაატა ცაგარეიშვილმა.