ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა.
კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან დაკავშირებით ადრე დადებული ხელშეკრულება და მასში მემედ აბაშიძის გამზირი ჩაამატა. აღსანიშნავია, რომ ცვლილების/მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი 20 მარტითაა დათარიღებული. მეორე მხარეა შპს „ბონდი-2009“, რომელიც სამუშაოებს ატარებს.
პარალელურად, მერია ცდილობს ცვლილებები შეიტანოს 2026 წლის ბიუჯეტშიც. შესაბამისი პროექტი საკრებულოში უკვე წარდგენილია, რომელსაც ბათუმის საკრებულოს წევრები 30 მარტს განიხილავენ.
ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, ამის შესახებ წინასწარ არც ქალაქის მოსახლეობამ იცოდა და არც საკრებულომ. შესაბამისად, ეს არის თვითნებობა.

ამონარიდი ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიდან, რომელიც საკრებულომ 2026 წლის 30 მარტის სხდომაზე უნდა განიხილოს [ქუჩების ჩამონათვალში მერია მემედ აბაშიძის ქუჩას ამატებს, სადაც ქვაფენილი უკვე აყარეს]
თუმცა, ვიდრე საკრებულო ცვლილებებს ოფიციალურად დაამტკიცებს, გამზირზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია – ქვაფენილი მთელ პერიმეტრზე უკვე აყრილი, სანიაღვრე სისტემა მოწყობილი და ასფალტიც დაგებულია [დარჩენილია ქუჩის დაახლოებით 80-მეტრიანი მონაკვეთი].

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026
რა ხდება?
მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრის დაწყების შესახებ მერიამ განცხადება 2026 წლის 14 მარტს გაავრცელა.
ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე.
ამ ტენდერის მიხედვით, ქვაფენილი 15 ქუჩაზე [ან ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე] უნდა აეყარათ, თუმცა, მემედ აბაშიძის გამზირი ჩამონათვალში არ იყო.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026
2026 წლის 20 მარტის „მხარეთა შეთანხმება N1“-ით, მერიის სამმართველო და „ბონდი-2009“ შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებაში გარკვეული პუნქტები დაკორექტირდეს – გაუქმდეს გარკვეული სამუშაოები და ჩამონათვალს დაემატოს მემედ აბაშიძის ქუჩა.
ამასთან, „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდეს 1094,96 ლარით და საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვროს 5 648 899,67 ლარით“, – აღნიშნულია შეთანხმებაში.
„მხარეთა შეთანხმების“ დოკუმენტის მიხედვით:
6 მარტს – სამუშაოების მსვლელობის პროცესში ზედამხედველმა კომპანია „მისტიკ ჯითიმ“ წერილით აცნობა მერიის სამმართველოს, პროექტში არსებული ზოგიერთი საკითხის დაზუსტების შესახებ.
11 მარტს – შპს „გზაპროექტს“ წერილობით ეთხოვა შეეტანა შესაბამისი ცვლილება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
18 მარტს – შპს „გზაპროექტის“ მიერ წარმოდგენილი იქნა წერილი და სიტუაციური გეგმა.
20 მარტს – შპს „ბონდი-2009“-მ სამმართველოს გაუგზავნა კორექტირებული ფასების ცხრილი.
20 მარტს – გაფორმდა მხარეთა შეთანხმება, სადაც ასევე აღნიშნულია:
„არსებულმა გარემოებებმა გამოიწვია ზოგიერთი სამუშაოების გაუქმება, ზოგიერთი სამუშაოების დამატება, კერძოდ, ქუჩების ჩამონათვალს დაემატა მემედ აბაშიძის გამზირი – 26 მაისის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი.
1. გაუქმდა საფუძვლის სტაბილიზირებული ფენა-ღორღი (ფრ.0-40მმ) (h-15სმ) კომპლექსური შემკვრელით, ცემენტი (4%) და ნაცარის (12%) დანამატით.
2. ნაცარის ტრანსპორტირება 178 კმ.
3. სრული თავი ამორტიზებული ველობილიკების რეაბილიტაცია.
4. დაემატა გზის საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით (0-40მმ), სისქით 18სმ, რაზედაც წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში.
შესაბამისად, საჭირო გახდა ზოგიერთი მოცულობის გაზრდა და ზოგიერთის შემცირება, გაიზარდა მოცულობები 1. მოსამზადებელ სამუშაოებში, 2. სანიაღვრე სისტემის მოწყობაში. 3. გზის სამოსის მოწყობა. 4. გზის მონიშვნა. 5. შემცირდა შესასვლელის მოწყობის სამუშაოები“.
აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ჩატარდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთშიც, თუმცა ეს მონაკვეთი „შეთანხმებაში“ არ წერია. არ წერია ასევე კლარა ცეტკინის ქუჩაც, რომელიც მერიის 14 თებერვლის განცხადებაში ფიგურირებს.
„ბათუმელები“ ამ დრომდე ელოდება მერიის სამმართველოსგან განმარტებებს ამ საკითხზე. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია აქვე განახლდება.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 24.03.2026
„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე. კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.
კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.
ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.
ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიით]. ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.