საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დასრულების შემთხვევაში, ქვეყანა ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტით წლიურად 6 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში გიორგი მარგებაძემ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებისას ისაუბრა.
"მხოლოდ ჰიდროს ნაწილში დაახლოებით 35 მილიარდ კილოვატ/საათზე ვართ. ქარი და მზეც რომ დავამატოთ, 50 მილიარდზე ავდივართ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ოდესღაც შავი ზღვის კაბელს გავიყვანთ ევროპის მიმართულებით და ამ ელექტროენერგიას გავყიდით ევროცენტებში, საკმაოდ დიდ თანხებზე არის საუბარი; წლიურად, დაახლოებით, 6 მილიარდ ევროზე, რომელიც კომპანიებში გადანაწილდება, საიდანაც 20% გადასახადებში წავა. ეს შორეული პერსპექტივაა, დიახ და სერიოზული მუშაობა სჭირდება. თუმცა, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, რომელიც ასათვისებელია", - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის ეთერში იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანას სრული პოტენციალის ათვისებაში უშლის ხელს. როგორც მან აღნიშნა, უპირველესი პრობლემა ინფრასტრუქტურაა.
"ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. გვაქვს ეს რესურსები, გვაქვს უნარი და მთავარი არის რაღაც ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ, რეალურის. პირველი და ყველაზე მთავარი ჩვენი ქსელების, ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებაა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დეველოპერს აქვს, ეს არის მიერთების პრობლემა. ჩვენ მეტ-ნაკლებად უკვე გავიზარდეთ, ვისწავლეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა. სწორი კომუნიკაციის პირობებში, ამ მხრივ პრობლემები თითქმის მინიმუმამდე არის დაყვანილი და ყველაზე მთავარი და ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა, რომ მიერთებაა, აბსოლუტურად ყველა რეგიონში, რაიონში და ყველა სოფელში.
ზოგადად, როდესაც პროექტს ბოლომდე მიიყვან, ჩაატარებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ყველა პოზიტიურად უყურებს შენს პროექტს და ყველას სურვილი აქვს დაიწყოს მისი განხორციელება, ფინანსებს მოიზიდავ, ექსპერტიზებს გაივლი და ა.შ. - საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ ქვესადგურში არ არის სიმძლავრე. არის ძველი ქვესადგურები, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ შენი სიმძლავრე გაატაროს. ან შესაძლოა, რაიონში იყოს მაგალითად 4 მეგავატის მიერთების შესაძლებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ამ ენერგიის გადატანის პრობლემაა, რომ ქვესადგურიდან ქსელში გადავიდეს. ძალიან მოძველებული ინფრასტრუქტურა გვაქვს, ერთი სიტყვით", - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.