საქართველოში, პირველი ინდუსტრიული მასშტაბის, თვითმოხმარების,  First Light-ის 24 მგვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტს მზის პანელების მწარმოებელი, ენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემების, EPC და O&M სერვისის მიმწოდებელი ამერიკული კომპანია ASTORIOS Holding Inc-ი განახორციელებს.

ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური მთლიანად მოემსახურება სს „რუსთავი აზოტს“ (JSC Rustavi Azot), კორპორაცია ინდორამას წევრ საწარმოს.

24 მეგავატი (MWp) პიკური სიმძლავრის მზის ელექტროსადგური  29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 23,924.68 კილოვატ-პიკია (kWp), ხოლო მოსალოდნელი წლიური გამომუშავება — 38 მეგავატსაათს აღემატება (MWh).

"გამომუშავებული ენერგია სრულად იქნება ათვისებული სს „რუსთავი აზოტი“-ს ენერგოინტენსიური საჭიროებებისთვის, რაც კომპანიას რეგიონში ერთ-ერთ პირველ და უდიდეს ინდუსტრიულ საწარმოდ აქცევს, რომელიც მზის ენერგიას ამ მასშტაბით გამოიყენებს,"-აღნიშნულია კომპანია ASTORIOS Holding Inc-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, First Light წარმოადგენს საქართველოსთვის (ასევე რეგიონში) პირველ ინდუსტრიული მასშტაბის ფოტოელექტრულ პროექტს, რომელიც მთლიანად თვითმოხმარებაზეა ორიენტირებული.

"სს „რუსთავი აზოტი“ ამ პროექტით ქმნის პრეცენდენტს, თუ როგორ შეიძლება მსხვილმა საწარმოებმა უზრუნველყონ საკუთარი ენერგო საჭიროებები ეროვნული ქსელის შეზღუდვების პირობებშიც,"-აცხადებენ ASTORIOS Holding Inc-ში. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი