ზაფხულის ტურისტული სეზონით კმაყოფილი ბიზნესი ზამთარს გამოწვევებით ხვდება. პრობლემები განსაკუთრებით დიდი ზამთრის კურორტებზეა.
სვანეთში მდებარე სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი BM.GE-თან აცხადებს, რომ წელსაც სვანეთში მთავარ გამოწვევად ისევ ელექტროენერგიის მომარაგება იქნება.
პრობლემებს შორისაა მზარდი ინფლაციაც. სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი გვიხსნის, რომ კვების კომპონენტის გაძვირების გარდა წლიდან წლამდე ძვირდება სასტუმროსთვის საჭირო სხვა პროდუქციის შესყიდვაც, რაც ბიზნესს სასტუმრო ნომრის ღირებულების ცვლილებისკენ უბიძგებს, თუმცა ამ კუთხით ფასების დაკორექტირება ვერ ხდება, რადგან სასტუმროები ერთმანეთს კონკურენციას სწორედ ფასებით უწევენ.
“ელექტროენერგიით მომარაგების გამოწვევა გამოწვევად რჩება და ზამთართან მიმართებით მე პირადად უკვე ასეთი განწყობა მაქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინებით არ ვარ ხოლმე და ძირითად სეზონად მაინც უფრო ზაფხულს აღვიქვამ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი სათხილამურო კურორტები გვაქვს, ჰაწვალი და თეთნულდი, რომელიც მართლა არის ევროპული დონის სათხილამურო კურორტები.
რაც შეეხება ფასებს, სამწუხაროდ, ჩვენი სპეციფიკა ასეთია, რომ რა ტემპითაც იზრდება ფასები, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ იგივე ტემპით გავზარდოთ ფასები.
ეს მარტო კვებით ნაწილში არ არის, სასტუმროს სჭირდება განახლება, თეთრეული, პირსახოცები, წვრილმანები და ყველა სეზონზე განსხვავებული ფასებით გვიწევს ამ ყველაფრის განახლება და ეს არის ძალიან დიდი ხარჯი, რომელიც ყოველ წელს იზრდება.
იგივე დინამიკით ჩვენ ფასების გაზრდას უბრალოდ ვერ ვახერხებთ, იმიტომ, რომ არ არის ტურისტების ისეთი რაოდენობა და ნაკადი, რომ მუდმივად შენი ფასი დაიჭირო, სასტუმროებს ერთმანეთისთვის ფასით კონკურენციის გაწევა უწევთ, უბრალოდ სხვა გზა არ გრჩება, რომ არ იყო იმ საფასო სეგმენტში, რაც არის ყველგან.”-ამბობს თათია თეთრაშვილი.