ნოვოროსიისკის ნავსადგურის პარალიზების შემთხვევაში, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და საკანონდებლო საკითხების არსებობის პირობებში ყაზახური ნავთობის საქართველოზე გადმორთვის პერსპექტივები მიმზიდველად არ გამოიყურება. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, საომარი მოქმედებების პირობებში ნოვოროსიისკის ნავსადგურზე უკვე მესამე თავდასხმა ფიქსირდება. ტერმინალის გაჩერების შედეგად, ყაზახეთის, როგორც მილსადენში ნავთობის მიმწოდებლის, ყოველდღიური ზარალი 43 მლნ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ნოვოროსიისკის ნავსადგურში უკრაინის უპილოტო ნავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კასპიის მილსადენების კონსორციუმის CPC საზღვაო ტერმინალის ნავთობის გადასატვირთი ВПУ-2 (выносное причальное устройство) მოწყობილობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და გაურკვეველი დროით მწყობრიდან გამოვიდა. მილსადენის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა კონსორციუმში შემავალი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, აშშ-ის, ყაზახეთის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2024 წელს CPC-ის მილსადენით 63 მლნ ტონა ნავთობი იქნა გატარებული, რომელიც 584 ნავთობის ტანკერში ჩაიტვირთა. 63 მლნ ტონიდან 51 მლნ ტონა (80 %) ყაზახური წარმოშობისაა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ყაზახეთის ნავთობის ექსპორტში მხოლოდ CPC-ის წილი 40%-დან 80%-მდე გაიზარდა. 2013 წელს წილი 40% იყო, 2016 წელს - 66%, 2019 წელს - 76%, 2021 წელს - 81% და 2024 წელს - 80%. 2024 წელს CPC-ის მილსადენით ყველაზე დიდი მოცულობის ნავთობი გატარებული იყო: თენგიზის საბადოდან - 27 მლნ ტონა, კარაჩაგანაკის საბადოდან – 10 მლნ ტონა, ხოლო კაშაგანის საბადოდან – 17.2 მლნ ტონა.
„ყაზახური ნავთობის გატარება ყაზახეთ–აზერბაიჯანი–საქართველოს ინტეგრირებული მილსადენებისა და სარკინიგზო ქსელით იქნება უზრუნველყოფილი, აუცილებელია წინმსწრებად ვიცოდეთ, თუ არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში ნავთობნაკადის საქართველოზე გადმორთვის რა პერსპექტივა არსებობს“- წერს TCRC.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოზე გამავალი მილსადენებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურით ყაზახური ნავთობის გატარების სამი ვარიანტი არსებობს.
- ა) ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის BTC მილსადენის გამოყენებით;
- ბ) ბაქო–სუფსის მილსადენის გამოყენებით;
- გ) ბათუმის ნავსადგურამდე აზერბაიჯან - საქართველოს სარკინიგზო სისტემის გამოყენებით.
„ყაზახური ნავთობის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებით გადაზიდვა – ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, საწყის ეტაპზე წელიწადში 1.5 მლნ ტონა, ხოლო შემდგომში 3 მლნ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით, ყაზახური ნედლი ნავთობის CPC-ის რუსულ მარშრუტიდან BTC-ში გადამისამართების შესახებ.
მეზობელ სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ფინანსურად მომგებიანია, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ BTC მილსადენში, დიდი ხნის ინტერვალის შემდეგ, პირველად გამოჩნდა ყაზახური ნედლი ნავთობი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ყაზახური ნავთობის BTC-ის მილსადენში გადმორთვას გარკვეული შეზღუდვები ახასიათებს - კერძოდ, ყაზახური ნავთობი მძიმე და გოგირდოვანი ნავთობის შემცველია და დაბალხარისხიანი რუსული Urals–ის მარკის მსგავსია. ყაზახურისგან განსხვავებით, აზერბაიჯანული ნავთობი მსუბუქი და დაბალგოგირდოვანია, შედეგად მსოფლიო ბაზარზე ბარელი 4–5 დოლარით უფრო ძვირად ფასობს“, - ვკითხულობთ კვლევაში.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ BTC-ის მილსადენში აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად 2.0 – 2.2 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი იქნება შეყვანილი, მილსადენიდან გამოსვლისას ნავთობის ხარისხი გაუარესებისკენ შეიცვლება.
ცენტრი წერს, რომ ასეთი შერევის შედეგად მიღებული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე რეალიზაცია მილსადენისთვის ეკონომიკურად წამგებიანი ხდება.
“ყაზახური ნავთობის ბაქო–სუფსის მილსადენის გამოყენებით - გადაზიდვა აზერბაიჯან–ყაზახეთის ბოლო პერიოდში გაამართულმა მოლაპარაკებებმა ნათლად წარმოაჩინა მხარეების მზადყოფნა დამოუკიდებლად გამოიყენონ ორივე მილსადენი.
ყაზახური ნავთობის ბაქო–სუფსის მილსადენში დამოუკიდებელი ტრანზიტი ხელს შეუწყობს ხარისხობრივი განსხვავებების პრობლემის მოგვარებას.
აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს, სრულად დაუთმოს ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ყაზახეთს მხოლოდ გრძელვადიანი, გარანტირებული 10-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე.
თავის მხრივ, ასეთი გრძელვადიანი კონტრაქტის შესრულებისთვის ყაზახეთი მზად არ არის, რადგან კასპიის ზღვაზე ნავთობის გადაზიდვისთვის მისი სატანკერო ფლოტი საკმარისი არ არის, ხოლო ახალი ფლოტის აშენებას მინიმუმ 5 წელი სჭირდება.
ბაქო–სუფსის მილსადენის გადატვირთვა მოითხოვს სატარიფო პოლიტიკის ხელახალ გადახედვას და შეთანხმებას, რადგან ბაქო–სუფსის მილსადენში აზერბაიჯანულის ნაცვლად ყაზახური ნავთობის გატარების შემთხვევაში, ტარიფი უნდა შეთანხმდეს მის მფლობელ BP-სთან და აზერი–ჩირაგი–გუნეშლის აქციონერებთან”, - წერია ანალიზში.
TCRC მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, აუცილებელი იქნება ახალ ტარიფზე შეთანხმება.
„რადგან მილსადენი ამოქმედდება სპეციალურად ყაზახური ნავთობისთვის, ანუ მილსადენში გაივლის სხვა ქვეყნის (ყაზახეთის) ნავთობი, საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, აუცილებელი იქნება ახალ ტარიფზე შეთანხმება. ყაზახური ნავთობის ბათუმის ნავსადგურამდე აზერბაიჯან–საქართველოს სარკინიგზო სისტემით გადაზიდვა – ფინანსურად ყველაზე დაბალი რენტაბელობით ხასიათდება. ძირითადი პრობლემა ტრანსპორტირების ღირებულებაა“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, CPC მილსადენით თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე ნავთობის მიწოდების ღირებულება ტონაზე 38 დოლარია. შედარებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების გამოყენებით, ბათუმამდე გადაზიდვა 2.4-ჯერ ძვირია - ტონაზე 92 დოლარი.
TCRC მიიჩნევს, რომ ნოვოროსიისკის ნავსადგურის პარალიზების შემთხვევაში, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და საკანონმდებლო საკითხების არსებობის პირობებში ყაზახური ნავთობის საქართველოზე გადმორთვის პერსპექტივები მიმზიდველად არ გამოიყურება.