საქართველოში მოქალაქეები ავტომობილებს ხშირად დაუფიქრებელი კრიტერიუმებით ყიდულობენ და არ აფასებენ მათ მომავალ სარგებლიანობას - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებას არ აქვს წვდომა სრულფასოვან, ანალიტიკურ ინფორმაციაზე, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს სწორად შეაფასოს ავტომობილის ხარისხი, სერვისი და გრძელვადიანი ხარჯები.
“სანამ მანქანას იყიდი, ყოველთვის უნდა მოიკითხო მისი სერვისები რამდენად იაფია. ეს ჩვენ არ გვახასიათებს. გერმანიაში ის, ვინც მანქანას ყიდის, სხვა რეკომენდაციებს გასცემს. მაგალითად, გეკითხება, თუ სახლიდან რამდენ კილომეტრის დაშორებით არის თქვენი სამსახური, ამაზე დაყრდნობით კი გირჩევს დიზელის მანქანას“, - აღნიშნა „ავტობანის“ დამფუძნებელმა.
როგორც გადაცემაში „მონეტიზაცია“ ბაკურ ხუნდაძემ აღნიშნა, დასავლეთში მომხმარებელი გადაწყვეტილებას პრაგმატულად იღებს, რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების შეძენას, ეს პროცესი ემოციურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება და კონსულტაციის კულტურა თითქმის არ არსებობს.
„აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში აქტიურად ფუნქციონირებენ ავტობლოგერები და სპეციალიზებული ჟურნალები, რომლებიც მომხმარებლებს უზიარებენ გამოცდილებას, როგორ შეარჩიონ მანქანა, რა მახასიათებლები გაითვალისწინონ, როგორია კონკრეტული მოდელის პერსპექტივა და სერვისის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი შეფასებით, მსგავსი ინფორმაციული პლატფორმებისა და ბერკეტების განვითარება საქართველოში ხელს შეუწყობდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღებას გახდიდა უფრო რაციონალურს.
ხუნდაძის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებაში პროფესიონალები აქტიურად ჩაერთონ, რათა მომხმარებლებს სწორად მიეწოდოს ინფორმაცია. ეს, მისი თქმით, როგორც მთავრობის, ისე დამოუკიდებელი სპეციალისტების საერთო პასუხისმგებლობაა.