რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე ტროტუარებს „ნიუკონსი“ და AWARD მოაწყობენ — მერიამ 7.5 მლნ ლარის ტენდერებში გამარჯვებულები გამოავლინა

თბილისის რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ცალკეულ მონაკვეთებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს შპს „ნიუკონსი“ და შპს AWARD შეასრულებენ. შესაბამის ორ სატენდერო შესყიდვაში კომპანიები გამარჯვებულებად გამოვლინდნენ.

თბილისის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერები აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადა. ორივე შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულება 7.8 მლნ ლარზე მეტი — 7 808 234 ლარი იყო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ნიუკონსმა“ სამუშაოების შესრულება 3.854 მლნ ლარად, ხოლო AWARD-მა 3.650 მლნ ლარად შესთავაზა. შესაბამისად, ორი კონტრაქტის საერთო ღირებულება დაახლოებით 7.5 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანიების მფლობელებთან დაკავშირებით, „ნიუკონსის“ 85%-იან წილს სიმონ ზანდუკელი ფლობს, 15%-იანი წილის მესაკუთრე კი ბესარიონ ჯიმშელაძეა. რაც შეეხება AWARD-ს, კომპანიის 100%-იანი წილი თორნიკე ჭკადუას ეკუთვნის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ტროტუარების სრულ ფართობზე ახალი ბუნებრივი ქვის — ტრავერტინის ფილების — მოწყობაა გათვალისწინებული.

სამუშაოები ასევე მოიცავს სანიაღვრე ინფრასტრუქტურის განახლებას. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ არსებული სისტემა ძლიერი ნალექის დროს გზის სავალი ნაწილიდან წყლის სრულად გატანას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც ტერიტორიაზე ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა იგეგმება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, სამუშაოები ოთხ თვეში, ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

თავად გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 19.761 მლნ ლარია. პროექტს სატენდერო კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენს“ ახორციელებს.