„უნდა გვაჩვენონ, რომ ეს ნამდვილად არის სრულფასოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნავთობს იღებს და იქიდან გამოდის ნავთობპროდუქტები. როგორც ჩანს, დასავლეთში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ეს წარმოება შესაძლებელია გამოყენებულია რუსული ნავთობპროდუქტების არალეგალური ტრანზიტისთვის“ - ყულევის ნავთობგადამამუშავებლის სანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში “360 გრადუსი” ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთიდან მზა ნავთობპროდუქტები შემოდის, ხოლო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატის ცვლილებისთვის გამოიყენება.

„მიკვირს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რომ არის მუდმივად საუბარი. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის მარტივი ორგანიზმი, არასდროს ჩვენთვის არ უჩვენებიათ, რა მუშავდება იქ. თუ კოქტეილებს აკეთებენ, არ ვიცი… რას ჰქვია დიზელის ნახევარფაბრიკატი? ნავთობი იშლება ფრაქციებად, ერთი პროცესის შედეგად გამოდის ნაწილი დიზელის საწვავი, მაზუთი და ბენზინი. რა ნახევარფაბრიკატებზე გველაპარაკებიან? უნდა გვაჩვენონ, რომ ეს ნამდვილად არის სრულფასოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნავთობს იღებს და იქიდან გამოდის ნავთობპროდუქტები.

როგორც ჩანს, დასავლეთში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოში ეს წარმოება შესაძლებელია გამოყენებულია რუსული ნავთობპროდუქტების არალეგალური ტრანზიტისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ რუსული ნავთობპროდუქტები არის სანქცირებული, მას სჭირდება წარმოშობის სერტიფიკატის გამოცვლა. შემოდის საქართველოში, ხდება წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა და შემდეგ ექსპორტი საქართველოდან. რა ქარხანაა ასეთი, რომ 72 მილიონის ნავთობი გადაამუშავა და ნავთობპროდუქტები გამოუშვა.

ეჭვები ევროპის მხრიდან საფუძვლიანია ალბათ, ასე ტყუილად ისინი არაფერს წერენ. ალბათ, აქვთ საკმარისი ინფორმაცია. მე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობას ვურჩევდით, რომ გვაჩვენონ ეს ქარხანა, რა პროცესი მიდის, რა ნავთობპროდუქტები იწარმოება, როგორ ხდება წარმოება და ა.შ. რეალურად ასეთი ქარხანა თუ საქართველოში არსებობს უნდა ამაყობდნენ და გვაჩვენებდნენ, საწარმოო ციკლი როგორ მუშაობს. არაფერს გვაჩვენებენ, რეზერვუარები გვაჩვენეს, ქარხანა დაარქვეს, რამდენიმე ბოძი წამოჭიმეს და სულ ესაა.

აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვები, რომ მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატის გამო ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, რეალურად სანქცირებული მზა პროდუქტი ხომ არ შემოდის რუსეთიდან, ხომ არ ხდება წარმოშობის სერტიფიკატის ცვლილება და შემდგომი ექსპორტი საქართველოდან. სულელური განცხადება გაავრცელეს [კომპანიამ], რომ თურმე ეს სანქცია პრევენციული ყოფილა.

ევროპა ასე მარტივად არ ცვლის სასანქციო პირობებს. სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი საკითხია. რას ნიშნავს, რომ შეცვლიან? ბოჭორიშვილი რომ იტყვის ბრიფინგზე, ამიტომ შეცვლიან? ვის როდის შეუცვლია სასანქციო პირობები, რა გამაფრთხილებელი და პრევენციული ზომები, რას ლაპარაკობენ?“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.